შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, დღეს, 9 სექტემბერს დინამო არენასთან დაგეგმილი აქციის დროს გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოების გადაცდომებს უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება. ამ შინაარსის განცხადება უწყებამ მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გაავრცელა.

"ნებისმიერ ქმედებას, რომელიც გასცდება გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას, პოლიციის მხრიდან მოჰყვება საქართველოს ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული უმკაცრესი რეაგირება", — ვკითხულობთ განცხადებაში.

დღეს გასამართ მატჩზე მოქალაქეთა ნაწილი გურამ კაშიას მხარდასაჭერად მიდის, მეორე ნაწილი კი, ჰომოფობიური და ქსენოფობიური იდეების მატარებელი გაერთიანების, ქართული მარშის ორგანიზებით იკრიბება, მათ ფეხბურთელის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა სურთ.

კაშიას გადაწყვეტილება

გასული წლის ოქტომბერში, კაშიამ მატჩისას ხელზე ლგბტ დროშის ფერებში სამკლაური გაიკეთა, რაც ცნობიერების ამაღლების კამპანიის ნაწილია. მისი ფოტოს გამოჩენამ, ქართველი მომხმარებლების ნაწილი გააღიზიანა. კაშიამ განაცხადა, რომ ძალადობის წინააღმდეგია და არ ნანობს რაც გააკეთა.

მოგვიანებით, ონლაინ ბულინგის გამო ფეხბურთელმა ფეისბუქის ვერიფიცირებული გვერდი გააუქმა და ინსტაგრამის ანგარიში დახურა. სოციალური ქსელის მომხმარებლები მის მხარდაჭერად გაერთიანდნენ და კამპანია #გურამშენთანვარ დაიწყეს.

კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა ფეხბურთის ფედერაციამ, თანაგუნდელებმა, ომგუდმსნემა პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა და სხვადასხვა აქტივისტებმა.

თუმცა ამავე მიზეზით, ჰომოფობიურ ნიადაგზე კაშიას მიმართ მუქარა გაგრძელდა. ულტრამემარჯვენე ჯგუფები 9 სექტემბერ ნაკრების თამაშზე კაშიას წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გეგმავენ. თამაშზევე გაიმართება ფეხბურთელის მხარდამჭერი აქციაც.