პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 10 სექტემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე დაღუპული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის დაგეგმილი აქცია ქრონიკის ეთერში შეაფასა და თქვა, რომ ამას ისევ პოლიტიკური ფონი ექნება და წარმატებულად ვერ დასრულდება:

"მე პირდაპირ შემიძლია თქმა, რომ ნაციონალურ მოძრაობის არცერთ აქციას არ აქვს წარმატების პერსპექტივა".

კობახიძის თქმით, სარალიძის აქციებს მხოლოდ პირველ დღეს ჰქონდა ემოციური ფონი საზოგადოებაში, შემდეგ კი მისივე შეფასებით ეს პოლიტიკურ გამოსვლებად იქცა:

"დღესაც ვხედავთ, რომ ნაციონალური მოძრაობა ამზადებს აქციას, რომელიც უნდა დაიწყოს ორშაბათიდან".

ზაზა სარალიძე 10 სექტემბერს საპროტესტო აქციებს აახლებს. სარალიძის თქმით, შერჩევითი სამართალი უნდა დასრულდეს.

"მხარდაჭერას მე ვთხოვ ნებისმიერ ადამიანს. მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ექიმი იქნება, პროკურორი, მმართველი გუნდის წარმომადგენელი, მასწავლებელი, სტუდენტი, მოსწავლე თუ ეკლესიის წარმომადგენელი", - ამბობს მოკლული მოზარდის მამა.

სარალიძემ აქცია მას შემდეგ დაგეგმა, რაც პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა. ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნებისა და რეკომენდაციების სრული ვერსია გამოქვეყნდა. ევროპული საქართველოს მიერ მომზადებული 78 გვერდიანი დოკუმენტი ხუთი თავისგან შედგება.

საგამოძიებო კომისია

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა.

საქართველოს კანონმდებლობით კომისია ვალდებულია, შექმნიდან ზუსტად სამი თვის თავზე წარმოადგინოს დასკვნა. ბოლო თვეების განმავლობაში კომისიის წინაშე წარდგნენ, როგორც საგამოძიებო ორგანოების თანამდებობის პირები, ისე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. კომისიის ერთ-ერთ ბოლო საჯარო სხდომაზე გამოჰკითხეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე.

2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა, რასაც დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომლის უწყების პოზიციაც სასამართლომ ბოლომდე არ გაიზიარა, თანამდებობიდან გადადგა. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, შსს-მ ხელახალი გამოძიება დაიწყო, რომელსაც უშუალოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობს. გამოძიების ფარგლებში მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, ხოლო მერაბ მორჩაძე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დააკავეს.