საქართველოს პარლამენტში კანონზე მსჯელობენ, რომელმაც შესაძლოა მშობლებს პორნოსაიტებისა და არასრულწლოვნებისთვის სხვა რისკის შემცველი პროდუქციის დაბლოკვის საშუალება მისცეს. კანონის დამტკიცების შემდგომ, ონლაინრისკებისგან ბავშვის დაცვის ლეგიტიმაცია მშობლის ხელში გადადის, კომუნიკაციების მიმწოდებლები კი ვალდებულები იქნებიან შექმნან ბერკეტები, რითაც მშობელს კონტროლში დაეხმარებიან.

რას წერია კანონპროექტში

შექმნის მიზეზები

კანონპროექტის ავტორი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ხუნდაძეა. მისი პოზიციით, ცვლილების აუცილებლობა ონლაინრისკებმა გამოიწვია:

  • პორნოგრაფია და "კიბერგრუმინგი", რომელიც ინტერნეტის მეშვეობით ბავშვის ნდობის მოპოვებასა და მის დაშინებას გულისხმობს;
  • სამომხმარებლო რისკები, მათ შორისაა ონლაინ მარკეტინგი, ყალბი ტრანზაქციები;
  • პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები, კერძოდ, პერსონალური მონაცემების უცხო პირების მიერ მოპოვება.

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ პრობლემები რეალურია, რასაც ბოლო პერიოდში საქართველოში მომხდარი შემთხვევებიც ადასტურებს, მათ შორისაა თამაში, ლურჯი ვეშაპი და პირადი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის დაცვის მიზნით მომხდარი სუიციდის შემთხვევები.

"მოზარდები, ახალგაზრდები და ზოგჯერ ბავშვები სექსუალურ სცენებს უყურებენ, მათ შორის, სექსუალური ძალადობის სცენებს, რაც ფსიქოემოციური სტრუქტურის ჩამოყალიბების ფაზაში ბავშვისთვის საზიანოა. მედიცინაში არსებობს როგორც ნარკო, ისე პორნოდამოკიდებულება", - უთხრა On.ge-ს დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი განმარტებით, კანონპროექტის შექმნამდე კვლევა არ ჩატარებულა, თუმცა საერთაშორისო გამოცდილება ადასტურებს, რომ რისკები რეალურია.

"10-დან 16 წლამდე მოზარდების 90 პროცენტი სექსუალურ სცენებს უყურებს და აქედან 80 პროცენტი სექსუალური ძალადობის სცენებია. ჩვენ ყველაფერი კვლევებზე და ფასის ხარჯვაზე არ უნდა გადავიტანოთ", - ამბობს ხუნდაძე.

მედიცინაში არსებობს როგორც ნარკო, ისე პორნოდამოკიდებულება

დიმიტრი ხუნდაძე

პროვაიდერების ვალდებულება

ამ კანონით პროვაიდერი ვალდებული ხდება, ელექტრონული და სხვა ფორმით მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია, როგორ დაიცვან მოზარდები რისკებისგან.

კითხვაზე, რა მექანიზმებზეა საუბარი და რა განისაზღვრება არასრულწლოვნებისთვის საზიანო ინფორმაციად, კანონპროექტის ავტორი დიმიტრი ხუნდაძე გვპასუხობს, რომ ეს სრულად ტექნიკური დეტალია, რისი შემუშავებაც პარლამენტის კომპეტენცია არ არის.

დეპუტატი განმარტავს, რომ კანონის დამტკიცების შემდეგ შეიქმნება ტექნიკური რეგლამენტი. აღნიშნული რეგლამენტი პროვაიდერებმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის სამსახურთან უნდა შეათანხმოს.

ინტერვიუს ჩაწერის უშედეგო თხოვნისა და რამდენჯერმე დაზუსტებულ კითხვებზე პასუხის საბოლოოდ მიღების შემდეგ, კომუნიკაციების კომისიამ კანონპროექტის ავტორისგან, დიმიტრი ხუნდაძისგან განსხვავებულ ინფორმაცია მოგვაწოდა:

"რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებას".

კომისიის ინფორმაციით, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, მიმართვის შემთხვევაში ვალდებული იქნება მომხმარებლებს ინტერნეტსივრცეში არსებული რისკებისა და არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენისაგან დაცვის პრევენციის მექანიზმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს. თუმცა, რა გზებით იქნება შესაძლებელი არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვა ან როგორ განისაზღვრება, სად გადის ზღვარი ინფორმაციის მიღების უფლებასა და საზიანო ინფორმაციას შორის, ჯერჯერობით, ბუნდოვანია.

"წარმოდგენილი კანონპროექტი არ განსაზღვრავს არასრულწლოვანისათვის საზიანო ინფორმაციის ცნებას", - ნათქვამია კომისიის მიერ მომზადებულ წერილობით პასუხში.

რა იცვლება არსებულ კანონებში

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილება ორ კანონში შევა. ესენია: მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონი.

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონი

ცვლილება, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში შევა, საკომუნიკაციო მომსახურებების მიმწოდებელ კომპანიებს ავალდებულებს მიაწოდონ აბონენტებს ინფორმაცია არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვისთვის საჭირო საშუალებების შესახებ. ასევე კომპანიამ აბონენტი ბილინგისა და დავალიანების შესახებ უფასო საინფორმაციო მომსახურებით უნდა უზრუნველყოს .

მთავარი კითხვა, თუ კონკრეტულად, რა მოიაზრება დაცვის მთავარ საშუალებად პასუხგაუცემელი რჩება.

სილქნეტის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ კანონპროექტის დამტკიცებამდე დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებენ, რადგან პროცესი სამუშაოა და შესაძლოა, პირველადი მონახაზი შეიცვალოს.

On.ge მაგთისაც დაუკავშირდა და მათივე თხოვნის საფუძველზე, საკითხები მეილით გადავუგზავნეთ. კომპანიის პოზიცია მასალაში მიღებისთანავე აისახება.

კომუნიკაციების სამსახურთან მოქმედი მომხმარებლების ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ვალდებული იქნება კონსულტაცია გაუწიოს აბონენტებს ინტერნეტსივრცეში არსებული რისკებისა და არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენისაგან დაცვის პრევენციის მექანიზმებზე.

კომუნიკაციების კომისია დეტალურ ინფორმაციას პრევენციის ღონისძიებებზე არ გვაწვდის, თუმცა რისკებისგან დაცვის პრაქტიკაში არსებულ რამდენიმე საშუალებაზე საუბრობს.

  • მშობელს აქვს უფლება მოსთხოვოს მომსახურების მიმწოდებელს მიიღოს ზომები, არასრულწლოვანთა გაკონტროლების მიზნით ან დააწესოს შეზღუდული დაშვება იმ ინტერნეტგვერდებზე, რომლებიც არასრულწლოვნებისთვის გათვლილი არაა.
  • მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები ვალდებულები არიან სრულწლოვნებზე გათვლილ მასალას შესაბამისი გაფრთხილება დაურთონ.
  • მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებაა მიიღოს ზომები, რათა მომხმარებელმა შეძლოს დაშვების შეზღუდვა იმ ინტერნეტ-გვერდებზე, რომლებიც შეიცავენ სრულწლოვან მომხმარებელზე გათვლილ პროდუქციას...
  • დომენის გამცემი და მომსახურების მიმწოდებლები ვალდებულნი არიან მიიღონ ზომები დაუშვებელი პროდუქციის (პორნოგრაფია, ძალადობის ამსახველი მძიმე ფორმების ამსახველი ინფორმაცია და სხვ.) აღმოფხვრის მიზნით, შეზღუდონ წვდომა ვებ-გვერდზე, სერვერზე, დომენის გამცემის შემთხვევაში - დაბლოკოს ვებ-გვერდი.

მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი

მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონს ახალი ქვეთავი დაემატება სახელწოდებით, "არასრულწლოვანთა დაცვა ინტერნეტსივრცეში".

ცვლილების დამტკიცების მიღების შემდეგ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტრო ვალდებული იქნება მოამზადოს სახელმძღვანელო მშობლებისა და პედაგოგებისთვის ონლაინრისკების პრევენციის შესახებ.

განათლების სამინისტროში ამ მიმართულებით მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი იმუშავებს.

ადმინისტრაციის უფროსი, შორენა ზედგინიძე განმარტავს, რომ საერთო სახელმძღვანელოზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყება, რაც კანონპროექტი დამტკიცდება და უწყება დავალებას მიიღებს. იქამდე კი ის ფსიქოლოგიური სამსახურის გამოცდილებას გვიზიარებს და ამბობს, რომ უწყება ინტერნეტრისკების შემცირების მიმართულებით მუშაობს.

შორენა ზედგინიძის თქმით, ლურჯ ვეშაპთან დაკავშირებით საზოგადოების დიდი ინტერესის გამო, მიიღეს დავალება შეემუშავებინათ რეკომენდაციები მშობლებისა და პედაგოგებისთვის. ეს რეკომენდაციები 2017 წლის ბოლოსა და 2018 წლის დასაწყისში მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში გავრცელდა.

ფოტო: Edu.aris.ge

ფსიქოლოგიური სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი განმარტავს, რომ ბროშურების სახით გამოცემული რეკომენდაციები მშობლებს ასწავლიდა, როგორ აღმოეჩინათ არასრულწლოვნის საეჭვო ქცევა. მას პრევენციული ღონისძიებების შედეგების შესახებ სტატისტიკური მონაცემები ან რაიმე სახის დასკვნა არ აქვს, თუმცა ზეპირად გვეუბნება, რომ მომართვიანობა მაღალი იყო, მაგრამ ძირითადად პანიკისა და პრევენციის მიზნით გამოწვეულ ზარებს მოიცავდა.

ჯანდაცვის სამინისტროში განათლების სამინისტროს მსგავსად გვიპასუხეს, რომ ერთობლივ სახელმძღვანელოზე მუშაობას კანონის ძალაში შესვლის შემდეგ დაიწყებენ.

2017 წელს ჯანდაცვის სამინისტროსა და UNICEF-ის მხარდაჭერით, გამოიცა საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც სკოლის მოსწავლეებს ინტერნეტითა და მობილურის უსაფრთხოდ გამოყენებას ასწავლიდნენ. ბროშურის ონლაინ ვერსია არ არსებობს.

კანონპროექტის ავტორის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ონლაინრისკებისგან დაცვის პროცესში მშობლის როლი გარდამტეხია და პრევენციის ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია შესაბამისი უწყებების მიერ ინტენსიურად და სწორად უნდა იყოს მიწოდებული.

„იგივე პორნოსაიტი უნდა იყოს კოდიფიცირებული და ეს გასაღები უნდა იყოს მშობლის ხელში

პორნოსაიტი უნდა იყოს კოდიფიცირებული და ეს გასაღები უნდა იყოს მშობლის ხელში

დიმიტრი ხუნდაძე

მშობელს შეეძლება, ეს კოდიფიცირებული ინფორმაცია გაუხსნას შვილს თუ კი საჭიროდ მიიჩნევს. თეორიულად დასაშვებია, რომ მშობელმა მისცეს შვილს პორნოსაიტის ყურების საშუალება, მაგრამ, პრაქტიკულად, ნაკლებად მგონია, რომ მშობელმა შვილს აყურებინოს სექსუალური ძალადობის სცენები“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

ბავშვის ინტერესი

ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებების იურისტის, ანა არღანაშვილის თქმით ყველა ცვლილება, რომელიც ბავშვის რისკებისგან დაცვისკენაა მიმართული მისასალმებელია, თუმცა, ინფორმაციის მიღების უფლებაც არ უნდა შეიზღუდოს.

იურისტი რამდენიმე პრობლემურ საკითხზე საუბრობს:

  • საკმარისია თუ არა ეს ცვლილება არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით;
  • რამდენად საკმარისია ის ინფორმაცია, რომელსაც მიაწვდის პროვაიდერი მშობელს;
  • ვინ ასწავლის მშობლებს გადაწყვეტილების მიღებას, რათა ზედმეტად არ დაარღვიოს ბავშვის ინფორმაციის მიღების უფლება.

ანა არგანაშვილი მიიჩნევს, რომ ინტერნეტში ბავშვის ონლაინრისკებისგან დაცვას არსებული კანონი ვერ არეგულირებს და ამის დასადასტურებლად თავისი ორგანიზაციის სარჩელი მოჰყავს მოძალადე სანტა-კლაუსის რეკლამის შესახებ.

ფოტო: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

მარეგულირებელმა კომისიამ 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით, არ მიიჩნია სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველ პროდუქციად ინტერნეტ სივრცეში განთავსებული ვიდეო რგოლი სახელწოდებით "სანტას თოვლის ბაბუამ წაასწრო!".

"გვითხრეს, რომ კანონმდებლობის არსებული რედაქცია არ აძლევდათ საშუალებას დარღვევა დაედგინათ. ეს იყო ნიშანდების ხარვეზი, პროდუქციის დაუშვებლად მიჩნევის კრიტერიუმები, რათა კონტენტი სოციალური ქსელიდან მოეხსნათ”.

ამავე სარჩელზე ისაუბრა ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) კვლევაში, სადაც დაუშვებელი პროდუქციის რეგულირების მიმართულებით ხარვეზებზე წერს. ორგანიზაციის პოზიციით, მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება სათანადოდ დასაბუთებული არ იყო.

IDFI-ის ანგარიშში აღნიშნული იყო ისიც, რომ კომუნიკაციის კომისიის მიერ შემუშავებული რეგულირებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში, მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ "დაუშვებელი პროდუქციის" ზოგიერთი საფუძველი ბუნდოვანია.

"არსებობს საფრთხე, გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს იმაზე მეტად, ვიდრე ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, თითოეული საფუძველი განვიხილოთ ცალ-ცალკე და დავადგინოთ, რამდენად შეესაბამება მათი ფორმულირება და შინაარსი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სტანდარტებს", - ვკითხულობთ IDFI-ის ანგარიშში.

კანონპროექტი ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით უნდა განეხილათ, თუმცა გადაიდო. კანონპროექტის ავტორი, დიმიტრი ხუნდაძე დარწმუნებულია, რომ კანონი წლის ბოლომდე ამოქმედდება.