რამდენიმე დღის წინ მეცნიერებმა გამოაცხადეს, რომ ბურკინა-ფასოს მთავრობამ მათ გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღოების გაშვების ნება დართო.

გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღოების გაშვების მიზანი მალარიის გამავრცელებელი კოღოების განადგურებაა. ეს აფრიკის კონტინენტზე ასეთი კოღოების გაშვების პირველი შემთხვევა იქნება.

მალარია მაშინ ვრცელდება, როდესაც პარაზიტით დაინფიცრებული კოღო ადამიანს კბენს. 2016 წელს მალარიით 445 000 ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმეტესობაც აფრიკელი ბავშვი იყო. თუ მეცნიერები შეძლებენ, რომ ბუნებაში მალარიის გადამტანი კოღოს რაოდენობა შეამცირონ, ეს დაავადების გავრცელებასაც დიდწილად შეზღუდავს.

კვლევის ფარგლებში მეცნიერები გარემოში სტერილურ მამრ კოღოებს გაავრცელებენ, რისი მიზანიც ადგილობრივ მოსახლეობაში მეცნიერების მიმართ ნდობის გაღვივებაა.

მკვლევარების საბოლოო მიზანი კი გარემოში სპეციალური გენით "აღჭურვილი" სტერილური კოღოების გაშვებაა, რომლებიც ბუნებაში მალარიის გამავრცელებელ კოღოებთან შეჯვარდება, მაგრამ შთამომავლობას არ მოგვცემს, ეს კი საბოლოოდ კოღოების გაქრობას გამოიწვევს.

ჯერ-ჯერობით ასეთი გენის მქონე კოღოების ბუნებაში გაშვება არ მომხდარა, რადგან ეს დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. თუ ასეთი სპეციალური გენის მქონე კოღოების გაშვება რაიმე უარყოფით შედეგებამდე მიგვიყვანს, ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვექნება. თუმცა მალარიით გამოწვეულ მასიურ სიკვდილიანობას თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება ასეთ რისკზე წასვლა ნამდვილად ღირდეს.