"ამ დოკუმენტის დიდი ნაწილი გახლავთ პოლიტიკური შეფასებები", - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს, 6 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც ევროპულმა საქართველომ მოამზადა:

"მთავარი ფუნქცია არის გამოძიების პროცესში შესაძლო ხარვეზების დადგენა და რეკომენდაციების მიცემა გამოძიებისთვის და არა სისხლისსამართლებრივი დანაშაულის შეფასება ან მითუმეტეს პოლიტიკური შეფასება. როდესაც ხდება პოლიტიკურად შეფასება, ეს რა თქმა უნდა ობიექტურობას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. აქედან გამომდინარე, ჩემი შეფასება ასეთია, რომ საგამოძიებო კომისია რა მიზინისთვისაც შეიქმნა და რა ფუნქციაც აქვს კანონის ჩარჩოებში, სწორედ ის უნდა განახორციელოს".

ევროპული საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში, რომელიც 67 გვერდისგან და რამდენიმე თავისგან შედგება, აღწერილია კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. კომისია აღნიშნულ დასკვნას ბოლო რამდენიმე დღეა ღია სხდომაზე განიხილავს და მასში საგამოძიებო უწყებების ტენდენციურობაზეა საუბარი.

ქართულმა ოცნებამ დასკვნის საკუთარი ვერსია წარადგინა იმ მიზეზით, რომ ისინი არ ეთანხმებიან ოპოზიციის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს და მას "პოლიტიკურად მიკერძოებულს" უწოდებენ.

საგამოძიებო კომისია

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა.

საქართველოს კანონმდებლობით კომისია ვალდებულია, შექმნიდან ზუსტად სამი თვის თავზე წარმოადგინოს დასკვნა. ბოლო თვეების განმავლობაში კომისიის წინაშე წარგნენ, როგორც საგამოძიებო ორგანოების თანამდებობის პირები, ისე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. კომისიის ერთ-ერთ ბოლო საჯარო სხდომაზე გამოკითხეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე.

2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა, რასაც დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომლის უწყების პოზიციაც სასამართლომ ბოლომდე არ გაიზიარა, თანამდებობიდან გადადგა. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, შსს-მ ხელახალი გამოძიება დაიწყო, რომელსაც უშუალოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობს. გამოძიების ფარგლებში მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, ხოლო მერაბ მორჩაძე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დააკავეს.