16 არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისში მიმდინარე, პუტინის ფონდის მიერ დაფინანსებულ, პრორუსულ მედიაფორუმს ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს რუსეთის რბილი ძალის დემონსტრირების მცდელობაა და საზიანოა საქართველოს ინტერესებისათვის.

ორგანიზაციების განცხადებით, რუსეთის ფედერაცია საქართველოში საკუთარი სტრატეგიული ამოცანების მისაღწევად აქტიურად იყენებს რბილ ძალას, რაც აგრესიულ მედია პროპაგანდაში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების დაფუძნებასა და სხვადასხვა სახის ფორუმების ორგანიზებაში გამოიხატება. მათი თქმით, რუსული აქტივობების ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაძლიერება და საქართველოს მოსახლეობის კიდევ უფრო მეტად პოლარიზებაა.

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ აუცილებელია სახელმწიფოს ჰქონდეს მწყობრი, მკაფიო სტრატეგია რუსული საინფორმაციო ომის წინააღმდეგ. ასევე, ამ სტრატეგიის აღსრულების შესაბამისი ინსტიტუციური და სამართლებრივი ქმედითი მექანიზმი.

არასამთავრობოების თქმით, ხელისუფლებამ რეალურად უნდა განახორციელოს და გაამკაცროს კონტროლი ამ და მსგავსი ღონისძიებების დაფინანსების წარმომავლობაზე. მათივე თქმით, ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს იმ ადამიანების/ორგანიზაციების ვინაობით, ვინც ხელს უწყობს საქართველოში რუსული რბილი ძალის აქტივობას, მიაკვლიოს მათი დაფინანსების წყაროებს და აღკვეთოს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული რუსეთის სასარგებლო საქმიანობა.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგია არასამთავრობო ორგანზაციები:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკარატიის საერთაშორისო საზოგადოება;
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
  • საქართველოს ფერმერთა ასოციაცია;
  • მწვანე ალტერნატივა;
  • საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი;
  • სამოქალაქო განვითარების სააგენტო;
  • მედიის განვითარების ფონდი;
  • საზოგადოება და ბანკები;
  • საქართველოს გაეროს ასოციაცია;
  • კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი;
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია;
  • ფონდი ღია საზოგადოება.

გაიგეთ მეტი: