2019 წლის პირველი იანვრიდან რძის გადამამუშავებელ საწარმოები აღარ შეიძენენ რძეს იმ ფერმერებისგან, რომელთა ცხოველები არაა იდენტიფიცირებული სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის განცხადებით, პროგრამის მიზანს ცხოველის და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მიკვლევადობა წარმოადგენს.

ცხოველთა იდენტიფიკაციის პროგრამა გულისხმობს მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის იდენტიფიცირებას საყურე ნიშნებით და ცხოველთა რეგისტრაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში.

ორგანიზაციის განცხადებით, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში მობინადრე ყველა ფერმერის წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელს, განურჩევლად ცხოველების რაოდენობისა, სახელმწიფო ვეტერინარი წელიწადში რამდენიმეჯერ უტარებს, უფასო ვაქცინაციას (ჯილეხი, ბრუცელოზი, ცოფი და სხვ...) და ცხოველებს ინდივიდუალური ნომრებით ნიშნავენ.

ვაქცინაციისა და იდენტიფიკაციის პროგრამისთვის სახელწიფო ყოველწლიურად 4.5 მილიონ ლარს ხარჯავს, აღნიშნული სერვისები კი ფერმერს სრულიად უფასოდ მიეწოდებათ.