2018 წლის რვა თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში 3 375 959 მგზავრს მოემსახურა, რაც 25 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აგვისტოს თვეში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აგვისტოში 461 051 მგზავრს მოემსახურა, რაც 12 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ხოლო რვა თვეში ზრდამ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 24 პროცენტი შეადგინა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2018 წლის აგვისტოში 44 პროცენტით გაიზარდა და 72 210 მგზავრი შეადგინა. რაც შეეხება რვა თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 382 325 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35 პროცენტით მეტია.

2018 წლის აგვისტოში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტით 121 298 მგზავრმა ისარგებლა. რაც 12 პროცენტით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება 8 თვის ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის რვა თვეში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 24 პროცენტით გაიზარდა.

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის რვა თვეში 5 520 მგზავრმა ისარგებლა.