ხორავას ქუჩაზე მოკლულის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საგამოძიებო კომისიის დასკვნას აფასებს. მისი განცხადებით, კომისიის ფარგლებში მომზადებულმა ორმა დასკვნამ აჩვენა, რომ მმართველი გუნდი დავით სარალიძის მკვლელებსა და ზოგადად, გამოძიებას მფარველობს.

სარალიძემ მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ დასკვნას უნდობლობა გამოუცხადა და 10 სექტემბრიდან საპროტესტო აქციები დააანონსა.

"დღეს არა მარტო მე, არამედ მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რომ სახელმწიფო პირდაპირ მფარველობს ჩემი შვილის მკვლელებს. ჩემი შვილი, როგორც ბესელიამ განმარტა, ვიღაც არ არის და ვიღაცის გულის მოსაგებად არ შექმნილა საგამოძიებო კომისია. ამ გამოძიებას გააგრძელებს სხვა ხელისუფლება, იქიდან გამომდინარე, რომ მმართველი გუნდი მფარველობს ჩემი შვილის მკვლელებს", - განაცხადა საგანგებო ბრიფინზე ზაზა სარალიძემ.

ის ამბობს, რომ მთავარ კითხვაზე თუ ვინ მოკლა მისი შვილი პასუხი ვერ მიიღო. მისი განმარტებით, ქართულმა ოცნებამ მდგომარეობა ისე წარმოაჩინა, თითქოს სარალიძე მხოლოდ სამი პროცედურული დარღვევით ინტერესდებოდა. ეს დარღვევებია ფარდულის დაშლა, დანის გაღუნვის ფაქტი და მირზა სუბელიანის გავლენა გამოძიებაზე.

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ეს საკითხები საქმეში სხვა არსებულ დარღვევებთან ერთად მნიშვნელოვანია, თუმცა მთავარია ვინ მოკლა დავით სარალიძე.

სარალიძემ ევროპული საქართველოს დასკვნაც შეაფასა და განაცხადა, რომ ეს რეკომენდაციები აქამდეც იყო ცნობილი, საგამოძიებო კომისიამ კი საჯარო საზოგადოებისთვის გახადა.

"მამუკა მდინარაძე საგამოძიებო კომისიის პრესტიჟზე მელაპარაკება ჩემი პრესტიჟი გლდანის სასაფლაოზე წევს და ამას მე მაგათ არ შევარჩენ", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პარტია ევროპული საქართველოს მიერ წარმოდგენილი დასკვნა დაამტკიცეს ცხრა ხმით ოთხის წინააღმდეგ. სხდომაზე კენჭი უყარეს ქართული ოცნების დასკვნასაც, რომელსაც მხოლოდ ოთხი მომხრე ჰყავდა.

ევროპული საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში, რომელიც 67 გვერდისგან და რამდენიმე თავისგან შედგება, აღწერილია კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. კომისია აღნიშნულ დასკვნას ბოლო რამდენიმე დღეა ღია სხდომაზე განიხილავს და მასში საგამოძიებო უწყებების ტენდენციურობაზეა საუბარი.

5 სექტემბერს ქართულმა ოცნებამ დასკვნის საკუთარი ვერსია წარადგინა იმ მიზეზით, რომ ისინი არ ეთანხმებიან ოპოზიციის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს და მას "პოლიტიკურად მიკერძოებულს" უწოდებენ.

სხდომის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის თქმით, მხარდაჭერილი დასკვნა პარლამენტის უახლოეს ბიუროს სხდომაზე გავა.