ავღანეთში, ქაბულის მოჭიდავეთა კლუბში მომხდარ აფეთქებებს სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა, 70-ზე მეტი კი დაშავდა. The Guardian-ის ცნობით, თვითმკვლელი ტერორისტი სპორტდარბაზში შეიჭრა და თავი აიფეთქა.

ავღანეთის ყველაზე დიდი ადგილობრივი მაუწყებლის, Tolo News-ის ცნობით, აფეთქების შედეგად მათი ორი ჟურნალისტი გარდაიცვალა. მედიის მხარდამჭერი ჯგუფის NAI-ის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სულ მცირე ოთხი ჟურნალისტი დაშავდა.

The Guardian წერს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია, თუმცა ისლამური სახელმწიფოს სამიზნე ხშირადაა ავღანეთში მცხოვრები უმცირესობების დასახლებები.

ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის თქმით, თავდასხმა მშვიდობიან მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებზე არის თავდასხმა სიტყვის თავისუფლებაზე და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.

მოჭიდავეთა კლუბის დირექტორის თქმით, ის იყო შენობის გარეთ, როდესაც პირველი აფეთქება მოხდა:

"მე ჩემს მწვრთნელს ვეძებდი, რომელიც, საბოლოოდ, საავადმყოფოში ვიპოვე, ის კრიტიკულადაა".

15 აგვისტოს თავდასხმის შემდეგ, 5 სექტემბერს სპორტულ კლუბში მომხდარი აფეთქება ყველაზე მასშტაბურია. 15 აგვისტოს აფეთქება საგანმანათლებლო ცენტრში მოხდა, რამაც ათობით სტუდენტის სიცოცხლე შეიწირა.