თბილისის მერიასა და მის დაქვემდებარებულ კომპანიას, შპს თბილსერვის ჯგუფს ჭაში ჩავარდნილი მოქალაქის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. განჩინება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 11 ივლისს მიიღო. მოქალაქის უფლებებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

მერიაში აღნიშნავენ, რომ დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების პროცედურებს დღესვე დაიწყებენ.

საიას ინფორმაციით, 2014 წლის პირველ ივლისს მოსარჩელე ღამის საათებში 5-6 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა ქ. თბილისში არსებულ ერთ-ერთ საკანალიზაციო ჭაში (წყალარინში), სადაც 18 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მოქალაქის ჭაში ჩავარდნა გამოიწვია ჭის თავსახურის დაზიანებამ. საფრთხის არსებობის შესახებ ჭასთან არ იყო განთავსებული რაიმე ტიპის აღნიშვნა, რაც დაზარალებულს აფიქრებინებდა საფრთხის შესახებ. შემთხვევის შედეგად მოქალაქეს ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა და გრძელვადიანი სამედიცინო მკურნალობა.

"მოპასუხეების მტკიცებით, მოსარჩელე არ მოძრაობდა ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, ჭა იყო დახურული, ასევე არ მიმდინარეობდა ჭის რემონტი ან რეაბილიტაცია, შესაბამისად, ჭასთან არ ყოფილა გამაფრთხილებელი ნიშნების საჭიროება. ამასთან, ქ. თბილისში არის 30 000-მდე ჭა და მათი ყოველდღიური კონტროლი შეუძლებელია ადმინისტრაციული ორგანოსთვის", — აღნიშნავს საია.

არასამათავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, სასამართლომ ეს არგუმენტი არ გაიზიარა, რადგან 2014 წლიდან შპს თბილსერვის ჯგუფი მერიასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებდა სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების მოვლა-პატრონობაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს.