მაშინ, როცა მოქალაქეები სასტუმრო Vere Palace-სთან პრორუსული მედიაფორუმის წინააღმდეგ აქციას მართავდნენ, პროტესტი იყო კონფერენციაზეც. სამოქალაქო აქტივისტი, ლანა ღვინჯილია ფორუმს ესწრებოდა ლეპტოპზე მიკრული სტიკერით — RUSSIA IS OCCUPANT! (რუსეთი ოკუპანტია!).

ლანა ღვინჯილია On.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ასე შეუქმნა ფორუმის მონაწილეებს დისკომფორტი. მისი თქმით, მისმა ანტიოკუპაციურმა სტიკერმა მონაწილეებისა და გამომსვლელების გაღიზიანება გამოიწვია:

"ყველა კამერა ამ სტიკერს იღებდა. სომეხმა ჟურნალისტმა, რომელიც ჩემ გვერდით იჯდა, მთხოვა, რომ თუ კიდევ მქონდა ასეთი მისთვის მიმეცა. ალბათ, სტოკერის იქ გამოყენებას არ აპირებდა, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო".

ღვინჯილია ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა პრორუსული ფორუმის მონაწილეებს დისკომფორტი შეუქმნა. ის მსგავს ღონისძიებას 2014 წელსაც დაესწრო.

ღვინჯილია წელს ფორუმს თავის მეგობართან ერთად დაესწრო, რომელსაც მისგან განსხვავებით, რეგისტრაცია გავლილიც არ ჰქონდა. როგორ თვითინ ამბობს, წელს ღონისძიება "გასაკვირად დაბალი დონის იყო". ის აღნიშნავს, რომ მონაწილეებსა და გამომსვლელებზე იმოქმედა საქართველოს საზღვარიდან ოთხი გამომსვლელის გაბრუნებამ.

სასტუმრო Vere Palace-თან აქციის პარალელურად მედიაფორუმი მიმდინარეობდა

"ეს მათთვის დიდი დისკომფორტი იყო და თავიდან სულ ამაზე ლაპარაკობდნენ, რომ ეს არ არის მართებული. ალექსეი მალაშენკომ, რომელიც საბჭოთა პროპაგანდის თვალსაჩინო წარმომადგენელია, დაიწყო საუბარი იმით, რომ ეს არის პროვინციული მიდგომა და ეს საოკუპაციო კანონი საერთოდ რა საჭიროა".

ალექსეი მალაშენკო საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის (МГИМО) პროფესორი და პოლიტოლოგია. როგორც ღვინჯილია On.ge-სთან ჰყვება, მალაშენკო აუდიტორიას ეუბნებოდა, რომ ბოროტება არა საბჭოთა კავშირის, არამედ რუსეთის იმპერიის დაშლა იყო.

ღვინჯილიამ ქართველი მონაწილეებიდან ვერავინ იცნო და აღნიშნა, რომ მათი მიდგომა აბსოლუტურად პროსაბჭოული იყო.

"ისინი ამბობდნენ, რომ საქართველო 25 წელია დაიქცა და ა.შ. აღმოჩნდა იქ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც მალაშენკოს ეკამათა, რომ რუსეთი რატომ უნდა იყოს ყველგან შუამავალი. ამან მალაშენკოს დიდი გაღიზიანება გამოიწვია და უზრდელურად ეკამათებოდა".

ლანა ღვინჯილია ღონისძიების სხვა დღეებზე დასწრებას აღარ აპირებს. თვითონ აღნიშნავს, რომ ფორუმი, ფაქტობრივად, ჩაიშალა, რადგან პროგრამას ვერ მიყვებიან. უკანგაბრუნებული გამომსვლელების სკაიპით ჩართვას აპირებდნენ, თუმცა ესეც აღარ მოხერხდა. ღვინჯილიას თქმით, მათ დაგეგმილი ჰქონდათ საქმიანი სადილი მედიასაშუალებების ხელმძღვანელებთან, თუმცა ესეც ჩაიშალა.

პუტინის გრანტით დაფინანსებული მედიაფორუმი საქართველოში

საქართველოში ჟურნალისტებისთვის ვლადიმერ პუტინის ფონდის მიერ დაფინანსებული ფორუმი იმართება. 2-დღიან ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ პრორუსული განწყობებით ცნობილი მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და მკვლევრები. რუსული დელეგაციიდან 4 ჟურნალისტი უკვე გააბრუნეს მოსკოვში ოკუპაციის კანონის წლების წინ დარღვევის გამო. მათი ნაწილი საქართველოშია და მზად არიან 5 სექტემბრიდან ქართველ ჟურნალისტებს პროპაგანდასთან ბრძოლის შესახებ ტრენინგები ჩაუტარონ.

მედიაფორუმს, სახელწოდებით "საერთაშორისო სამხრეთ კავკასიური მედიაფორუმი", სასტუმრო Vere Palace მასპინძლობს. მსგავსი ფორუმები საქართველოში წლების განმავლობაში ტარდება, რომლის ორგანიზატორებიც პრორუსული განწყობით ცნობილი მედიასაშუალებები არიან: რუსული პოლიტოლოგიური ცენტრი "ჩრდილოეთი-სამხრეთი" (Север-Юг), პრეს-კლუბი "თანამეგობრობა" (содружество) და ქართულენოვანი პრო-რუსული გამოცემა, "საქართველო და მსოფლიო". 2018 წელს ფორუმის მთავარი თემა რეგიონში ნდობის განსამტკიცებლად მედიის როლი იქნება. ღონისძიება რუსეთის საპრეზიდენტო ფონდის მხარდაჭერით გაიმართება.

  • დეტალურად ფორუმის მონაწილეებსა და გამომსვლელებზე შეგიძლია წაიკითხოთ აქ.