ევროპული საქართველოს წევრი, დეპუტატი სერგი კაპანაძე თბილისში გამართულ პრორუსულ მედიაფორუმს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული ღონისძიება რუსი პროპაგანდისტების შეხვედრაა მათ კოლეგებთან.

"[მედიაფორუმი] პირდაპირ ფინანსდება რუსული ფულით და ეს არის ცინიკური დაცინვა საქართველოსი რუსეთის მხრიდან", - განაცხადა კაპანაძემ დღეს, 5 სექტემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დეპუტატის აზრით, იმისთვის, რომ რუსული პროპაგანდა საქართველოში შეიზღუდოს, საკანონმდებლო დონეზე კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მისივე თქმით, ევროპული საქართველო აღნიშნულ ინიციატივაზე იმსჯელებს და წინადადებას უახლოეს მომავალში გააჟღერებს.

"როგორც არასოდეს, ისე არის გაძლიერებული რუსული ძალა საქართველოში", - განაცხადა კაპანაძემ.

სასტუმრო Vere Palace-თან დილიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პრორუსული ფორუმი ჩატარებას აპროტესტებენ. მათ სასტუმროსთან დოლ-გარმონის თანხლებით სუფრის გაშლა დაიწყეს და რამდენიმე სადღეგრძელო შესვეს.

საქართველოში ჟურნალისტებისთვის ვლადიმერ პუტინის ფონდის მიერ დაფინანსებული ფორუმი იმართება. 2-დღიან ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ პრორუსული განწყობებით ცნობილი მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და მკვლევრები. რუსული დელეგაციიდან 4 ჟურნალისტი უკვე გააბრუნეს მოსკოვში ოკუპაციის კანონის წლების წინ დარღვევის გამო. მათი ნაწილი საქართველოშია და მზად არიან 5 სექტემბრიდან ქართველ ჟურნალისტებს პროპაგანდასთან ბრძოლის შესახებ ტრენინგები ჩაუტარონ.

სასტუმრო Vere Palace-ის მენეჯმენტი ამბობს, რომ მათ სასტუმროში პუტინის გრანტით დაფინანსებული, პრორუსული მედიაფორუმის ჩატარების შესახებ არ იცოდნენ.