სასტუმრო Vere Palace-ის მენეჯმენტი ამბობს, რომ მათ სასტუმროში პუტინის გრანტით დაფინანსებული, პრორუსული მედიაფორუმის ჩატარების შესახებ არ იცოდნენ.

"წინასწარ ეს ჩვენთვის არ ყოფილა ცნობილი, დღის წესრიგი გადმოაგზავნეს ჩამოსვლის დღეს", - განუცხადა სასტუმროს მენეჯერმა On.ge-ს.

მისივე თქმით, მანამდე მათთვის ცნობილი იყო მხოლოდ ორგანიზაცია South-East, რომელმაც დაჯავშნა სასტუმრო.

ჟურნალისტები სასტუმროში შესვლასა და ფორუმის მონაწილეებთან გასაუბრებას ცდილობდნენ, მაგრამ ნაწილმა შენობაში შესვლა ვერ შეძლო. On.ge-ს ჟურნალისტს განუმარტეს, რომ სასტუმროში შესასვლელად ფორუმისთვის დარეგისტრირებული უნდა ყოფილიყო, თუმცა ადგილზევე გამოჩნდა, რომ რამდენიმე ჟურნალისტი სხვადასხვა მედიასაშუალებიდან აკრედიტაციისა და რეგისტრაციის გარეშე იყო შესული. On.ge-ს ჟურნალისტი ცდილობდა სასტუმროში შესვლას და იმის გარკვევასაც, თუ რატომ არ უშვებდნენ მას შენობაში სხვების მსგავსად.

სასტუმრო Vere Palace-თან დილიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პრორუსული ფორუმი ჩატარებას აპროტესტებენ. მათ სასტუმროსთან დოლ-გარმონის თანხლებით სუფრის გაშლა დაიწყეს და რამდენიმე სადღეგრძელო შესვეს.

"ვეხმარებით რომ სუფრა გავუშალოთ. მათ ხომ უყვართ ქართული ჭაჭა, ხაჭაპური, ხინკალი და იქნებ ასე გადმოვიპატიჟოთ ერთმორწმუნეები", — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

საქართველოში ჟურნალისტებისთვის ვლადიმერ პუტინის ფონდის მიერ დაფინანსებული ფორუმი იმართება. 2-დღიან ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ პრორუსული განწყობებით ცნობილი მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და მკვლევრები. რუსული დელეგაციიდან 4 ჟურნალისტი უკვე გააბრუნეს მოსკოვში ოკუპაციის კანონის წლების წინ დარღვევის გამო. მათი ნაწილი საქართველოშია და მზად არიან 5 სექტემბრიდან ქართველ ჟურნალისტებს პროპაგანდასთან ბრძოლის შესახებ ტრენინგები ჩაუტარონ.

მედიაფორუმს, სახელწოდებით "საერთაშორისო სამხრეთ კავკასიური მედიაფორუმი", სასტუმრო Vere Palace მასპინძლობს. მსგავსი ფორუმები საქართველოში წლების განმავლობაში ტარდება, რომლის ორგანიზატორებიც პრორუსული განწყობით ცნობილი მედიასაშუალებები არიან: რუსული პოლიტოლოგიური ცენტრი "ჩრდილოეთი-სამხრეთი" (Север-Юг), პრეს-კლუბი "თანამეგობრობა" (содружество) და ქართულენოვანი პრო-რუსული გამოცემა, "საქართველო და მსოფლიო". 2018 წელს ფორუმის მთავარი თემა რეგიონში ნდობის განსამტკიცებლად მედიის როლი იქნება. ღონისძიება რუსეთის საპრეზიდენტო ფონდის მხარდაჭერით გაიმართება.

ფორუმის სამი მონაწილე ქვეყანაში არ შემოუშვეს. მიზეზი რამდენიმე წლის წინ დარღვეული საქართველოში მოქმედი ოკუპაციის შესახებ კანონია. ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გაიგეთ მეტი: