იუტას შტატი განთქმულია თავისი ტბებით, რომლებშიც თევზი უხვად მოიპოვება. ამ მიზეზის გამო იუტას მაღალმთიან რეგიონებში არსებულ ტბებს მეთევზეები ხშირად სტუმრობენ. თუმცა ტბებში თევზის საჭირო რაოდენობის შენარჩუნება ადვილი სულაც არ არის.

წარსულში ეს ყველაფერი ცხენებისა და კალმახით სავსე მეტალის კონტეინერებით ხდებოდა. თევზების ამ გზით ტრანსპორტირებას რამდენიმე დღე სჭირდებოდა და გზაში კალმახის დიდი ნაწილი იღუპებოდა.

დღეისათვის კი იუტას მთავრობა ტბებში კალმახის პოპულაციის შენარჩუნების უფრო მარტივ და სწრაფ მეთოდებზე გადავიდა. იუტას ველური ბუნების სააგენტომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს თვითმფრინავი, რომელიც ლიფსიტებით სავსე კონტეინერს ტბის თავზე ცლის.

გამოქვეყნებულ ტვიტში ისინი აცხადებენ, რომ იუტას მაღალმთიან რეგიონში არსებულ ტბებში თევზის პოპულაციების შენარჩუნებას სწორედ ამ მეთოდით ახერხებენ. ტრანსპორტირებული ლიფსიტები მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრისაა, რის გამოც მათ შეუძლიათ, რომ ვარდნას გაუძლონ. ამ პროცესში ლიფსიტების მხოლოდ ხუთი პროცენტი იღუპება.

ეს ყველაფერი ერთი შეხედვით ცხოველების მიმართ არაჰუმანურ მოპყრობას ჰგავს, თუმცა ლიფსიტები ასე არ ფიქრობენ.

ვინაიდან თევზები მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრის არიან, ხოლო მათი სხეული კი მსუბუქი, ბრტყელი და სწორია მათ შეუძლიათ, რომ მაღალი სიმაღლიდან ვარდნას ადვილად გაუძლონ.

ბუნებაში თევზები რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლის ჩანჩქერებში დაზიანებების გარეშე ხტებიან. მეცნიერებს გამოთვლილი აქვთ, რომ მდინარე ნიაგარაში არსებულ 50 მეტრიან ჩანჩქერებს თევზების 90 პროცენტი თავს უპრობლემოდ ართმევს.

თვითმფრინავი თევზებს მაქსიმალურად დაბალი სიმაღლიდან ყრის, რაც საბოლოოდ მათთვის უფრო კომფორტულია, ვიდრე რამდენიმე დღის სამანქანო გზაზე გატარება.