ახალი გამოკითხვის შედეგების თანახმად დადგინდა, რომ ამერიკელი ახალგაზრდები უფრო მარტოხელები არიან, ვიდრე უფროსი თაობის წარმომადგენლები. გამოკითხვის ფარგლებში 20 000 ამერიკელი გამოიკითხა და შედეგმა აჩვენა, რომ 18-დან 22 წლამდე ახალგაზრდები სხვა ასაკის ადამიანებთან შედარებით, ყველაზე მეტად განიცდიან მარტოობას. ამ ასაკის ჯგუფის წარმომადგენლებმა მარტოხელობის ყველაზე მაღალი შეფასება, 48 ქულა მიიღეს, მაშინ როცა 72 წლის ადამიანებში ეს მაჩვენებელი 39-ს უდრიდა.

ამავე კვლევით გაირკვა, რომ მარტოხელობა ისეთივე საშიშია სიცოცხლისთვის, როგორც 15 ღერი სიგარეტის მოწევა ყოველდღიურად. მეტსაც გეტყვით, ის უფრო მეტად დამაზიანებელია ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ჭარბწონიანობა.

გამოკითხვა, რომელიც სადაზღვეო კომპანია Cigna-მ ჩაატარა, მსგავსი სახალისო ფაქტებითაა სავსე. "როგორ ადგენენ მარტოხელობის ქულას?", - იკითხავთ ალბათ. მსგავსი ქულების დასადგენად გამოკითხვის დროს გამოყენებული იყო UCLA-ს მიერ შედგენილი "მარტოობის შკალა".

კვლევის მიხედვით ასევე დგინდება, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც სოციალურ მედიაში აქტიურად არიან ჩართულნი და ისინი, ვინც მას იშვიათად იყენებს, ერთნაირად განიცდიან მარტოობას. სადაზღვეო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ "აზრიანი სოციალური ინტერაქცია" არის მარტოობის დაძლევის საუკეთესო გზა, თუმცა ეს არ გულისხმობს მესენჯერში მიმოწერას. ამ გზით ადამიანები მარტოობის განცდას ვერ დაამარცხებენ.

ამ კვლევაში მონაწილე 1990-2000 წლებში დაბადებული ახალგაზრდების ნახევარზე მეტმა მარტოობასთან დაკავშირებული 11 გრძნობიდან, მინიმუმ 10 მაინც შემოხაზა. ამ დროს კი, 72 წელს გადაცილებული ადამიანების 90% ამბობს, რომ სოციალური ურთიერთობების ნაკლებობას არ განიცდიან.

რეკომენდაციის სახით, ექსპერტები მარტოობის დასამარცხებლად შემდეგ რჩევებს იძლევიან: მეტი ძილი, ოჯახისთვის მეტი დროის დათმობა, ვარჯიში და ნაკლები მუშაობა. ეს ყველაფერი კარგად ჟღერს, მაგრამ შესასრულებლად ძალიან რთულია.