საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბატაძესთან და მმართველის პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ. რეორგანიზაციასთან დაკავშირებით დღეს, 4 სექტემბერს თანამშრომლები მაუწყებლის მენეჯმენტს შეხვდნენ, თუმცა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა რეალური სივრცის წამყვანი, ნინო ზაუტაშვილი ამბობს, ერთ-ერთი მათი მოთხოვნაა გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომაა. ის, ასევე, ბიძინა ივანიშვილისგან პროცესებში ჩართვას ითხოვს, რადგან მაღლაფერიძის "სახელი მასთანაა დაკავშირებული".

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით ათეულობით თანამშრომელს ხელშეკრულების ახალი პირობები და საათობრივ ანაზღაურებაზე გადასვლა შესთავაზა. ცვლილება ტექნიკურ პერსონალს შეეხო. პროფკავშირების ინფორმაციით, ხელშეკრულების შესასწავლად და ხელმოსაწერად ზოგიერთ თანამშრომელს ვადა 4 სექტემბერს ამოეწურათ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების თქმით, ცვლილება 150-მდე თანამშრომელს შეეხო. როგორც არხი თავის განცხადებაში აღნიშნავს, შეთავაზება 70-მდე თანამშრომელს გადაეგზავნა. თვითონ მაუწყებელი ხელშეკრულების ცვლილების შეთავაზებასა და ნაწილის გათავისუფლებას ახალი სამაუწყებლო სეზონის ეფექტიანად განხორციელებით ხსნის.

ვასილ მაღლაფერიძის გამოცდილება

ვასილ მაღლაფერიძე ვასილ მაღლაფერიძე, CV-ის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებამდე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილი ოჯახის კუთვნილ ტელეკომპანია GDS-ში გადაცემა 2030-ის გენერალურ პროდიუსერად მუშაობდა. მისი მედიაში მუშაობა ტელეკომპანია GDS-ით არ შემოიფარგლება. სხვადასხვა დროს იყო TV9-ის, რომელიც ასევე ბიძინა ივანიშვილის ოჯახს ეკუთვნის, დირექტორის მოადგილე, ჟურნალ კალმასობა-ს მთავარი რედაქტორი, გაზეთ კავკასიონის დამფუძნებელი, რედაქტორი და მთავარი კონსულტანტი. გარდა ამისა, 2 მოწვევის პარლამენტის წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გუბერნატორი და სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.