ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ჰაკათონის hack_a_tour-ის შესახებ საქართველოს რეგიონებში საინფორმაციო ტურების ჩატარება დაიწყო. პირველი ლოკაცია ბათუმი იყო. ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე და ჰაკათონის ორგანიზატორები სტუდენტებს შეხვდნენ. მცირე პრეზენტაციის შემდეგ საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ბათუმის შემდეგ საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.

"მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთელ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, ჩართული იყოს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამაღლების პერსპექტივაში. სწორედ ამას უზრუნვეყოფს აღნიშნული ჰაკათონი, რომელიც საქართველოს ათ ქალაქში გაიმართება. საბოლოო ჯამში ჩვენ აღმოვაჩენთ საუკეთესო იდეის მქონე სტარტაპებსა და ინოვატორებს, რომლებიც იქნებიან მხარდაჭერილი, როგორც სახელმწიფოსგან, ისე წამყვანი ტურისტული კომპანიების მხრიდან", - აღნიშნა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ.

ტურიზმის განვითარების მიმართულებით ჰაკათონი hack_a_tour სტარტს 5 ოქტომბერს აიღებს და სამ დღეს გაგრძელდება. ჰაკათონის მიზანია ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ასევე ინფორმაციული და ინოვაციური ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის განვითარებისა და ჩანაფიქრების რეალიზაციის პრაქტიკული შესაძლებლობის შექმნა.

ჰაკათონი საქართველოს მასშტაბით ათ სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილში ერთდროულად ჩატარდება, რაც კონკურსანტებს მაქსიმალურად შეუწყობს ხელს, მარტივად მიიღონ მონაწილეობა პროექტში.

ჰაკათონში მონაწილეობისთვის, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა ამ ბმულზე.