საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევას პასუხს, სადაც საუბარია უწყების მიერ განხორციელებულ საეჭვო შესყიდვაზე და შემსყიდველსა და მინისტრის მოადგილის, ვახტან მახარობლიშვილს შორის არსებულ ნათესაურ კავშირზე.

On.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციით დეპარტამენტიდან აცნობეს, რომ სამინისტროს სატენდერო კომისიას ხელმძღვანელობს მინისტრის მოადგილე, რომელსაც არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს კომპანია შპს ლენდ მარკ პროჯეკტთან.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს პასუხი იმას, რომ IDFI-იმ იცრუა, უწყებაში გვპასუხობენ, რომ "კომპანიის წარმომადგენელთან იმ მოადგილეს არ აქვს კავშირი, რომელიც ტენდერს ხელმძღვანელობს".

უწყებაში ასევე განგვიმარტეს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ შპს ლენდ მარკ პროჯეკტთან ხელშეკრულების გაფორმებამდე ჩაატარა ბაზრის კვლევა აღნიშნული მომსახურების გაწევის ეფექტური სერვისის მოძიებისთვის.

სამინისტროს ინფორმაციით, საპროექტო სამუშაოების მომსახურების შესყიდვისას, სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი იყო მიმწოდებლის მაღალი კვალიფიკაცია.

"კომპანიის შერჩევის უმთავრესი კრიტერიუმი გახლდათ არა თავად კომპანია, როგორც იურიდიული სუბიეტი, არამედ მასში დასაქმებული კვალიფიციური სპეციალისტები, რომელთაც უნდა ჰქონდათ ანალოგიური ხასიათის, სირთულის და შინაარსის პროექტების განხორციელების მდიდარი გამოცდილება", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ შპს ლენდ მარკ პროჯექტის ძირითადი სპეციალისტების სამუშაო გამოცდილება და სტაჟი სრულად აკმაყოფილებდა შემსყიდველის მოთხოვნებს.

"ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, აღნიშნულ შესყიდვაში მონაწილე არცერთ პირს მათი საქმიანობისას არ წარმოქმნია "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტი", - განგვიმარტეს უწყებაში.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საგარეო საქმეთა სამინისტროს საეჭვო შესყიდვის შესახებ წერს. საქმე ეხება 2017 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილ 737 000 ლარს. გამოყოფილი თანხა, უწყებას თბილისში, ლეონიძის ქ. #3-ში მდებარე შენობის საპროექტო, საექსპერტიზო სამუშაოებში და მდგრადობის კვლევაში უნდა დაეხარჯა.

IDFI-ში ამბობენ, რომ სამუშაოები გრაფიკის დარღვევით შესრულდა და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, არის ხარვეზები. გარდა ამისა, ორგანიზაცია საგარეო უწყებას რამდენიმე პრეტენზიას უყენებს, მათ შორისაა სამუშაოების შემსრულებელ კომპანიის, შპს ლენდ მარკ პროჯექტისწარმომადგენელსა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის არსებული ნათესაური კავშირი.