კომპანია სვანეთი ჰიდრომ მესტიის მეორე საჯარო სკოლაში ბიბლიოთეკის თანამედროვე სივრცედ მოწყობის პროექტის განხორციელება დაიწყო. სარემონტო სამუშაოების დამთავრების შემდეგ მოხდება სივრცის შესაბამისი ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვა, წიგნადი ფონდის გაახლება და ბიბლიოთეკარის გადამზადება, რისთვისაც კომპანიამ 50 000 ლარზე მეტი გამოყო.

"პროექტის ფარგლებში სვანეთის მეორე საჯარო სკოლაში საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად მოვაწყობთ ბიბლიოთეკას, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, წიგნებით - ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. ეს იქნება სივრცე კითხვისთვის, შემეცნებითი შეხვედრებისთვის, ადგილი, სადაც მოზარდებს ექნებათ სურვილი რაც შეიძლება დიდხანს დარჩნენ და გაეცნონ მათთვის საინტერესო ბეჭდურ და ონლაინ გამოცემებს. ჩვენი კომპანიის მხარდაჭერით განახლებულ ბიბლიოთეკაში გაიმართება საინტერესო შეხვედრები თანამედროვე მწერლებთან, პოეტებთან, ხელოვანებთან", - ამბობს სვანეთი ჰიდროს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, სოფო ნატროშვილი.

მსგავსი ტიპის პროექტების მიზანია მოზარდი თაობის განვითარების ხელშეწყობა, წიგნიერების ამაღლება და მათთვის მეტი შესაძლებლობის შექმნა. თანამედროვე ბიბლიოთეკის და მრავალფეროვანი ლიტერატურის არსებობა სკოლებში მოზარდი თაობის შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. ამ მიმართულებით სვანეთი ჰიდრომ უკვე განახორციელა პროექტები, მათ შორის მესტიის ყველა სკოლას ბიბლიოთეკებისთვის საჩუქრად წიგნები გადასცა და მესტიის პირველი სკოლის სააქტო დარბაზი თანამედროვე სივრცედ მოაწყო.

აღსანიშნავია, რომ დღემდე კომპანიამ სვანეთი ჰიდრო მესტიის მოსახლეობისთვის 1 მლნ ლარზე მეტის სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე განახორციელა.

სვანეთი ჰიდრო დაბა მესტიაში მდინარის მოდინებაზე დაფუძნებულ, არადაგუბებითი ტიპის ჰესს, მესტიაჭალა ჰესს, თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების სრული დაცვით აშენებს. მშენებლობის დასრულება 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი. ჰესის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 65 მლნ დოლარია.