თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა New School გაიხსნა. აღმოსავლეთ სამეზობლოში ეს არის პირველი ევროპული სკოლა. გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს ეწვია ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანი.

"ამბიციურ პროექტს ვიწყებთ, მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი გამოწვევა შეხვდა. ყოველთვის მწამდა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა გახდებოდა ჩვენი წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის სიმბოლო", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა სკოლის გახსნაზე.

მისივე თქმით, ეს სკოლა იძლევა არამხოლოდ კარგი განათლების მიღების, არამედ ევროპის ღირებულებებში ჩაღრმავების საშუალებას.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა ექვსი ქვეყნის მოსწავლეებს მაღალი ხარისხის საბაკალავრო განათლებისა და ევროპულ კვლევებში საერთაშორისო ბაკალავრის დიპლომის მიღების შესაძლებლობას აძლევს.

New School ავტორიზებულია საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის მიერ და ეს არის ორწლიან საგანმანათლებლო პროგრამა. პროგრამა მოიაზრებს საზოგადოებრივ მეცნიერებებში, ენებსა და ლიტერატურაში, ხელოვნებასა და ისტორიაში ევროპული თვალთახედვის აქცენტირებას.

პროგრამას აფინანსებს ევროკავშირი. გაიცემა 30 სტიპენდია "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების - აზერბაიჯანის, ბელორუსის, მოლდავეთის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც უმაღლეს ქულებს მიიღებენ შერჩევით ტესტირებაში. სტიპენდია დაფარავს სრულ ორწლიან კურსს და საცხოვრებელ ხარჯებს (საჭიროებისამებრ). სტიპენდია გაიცემა პირველ აკადემიურ წელს და ავტომატურად გაგრძელდება მეორე/უკანასკნელ წელს. სტიპენდიის გაგრძელებას მეორე წელს განაპირობებს მოსწავლის მიერ პირველ სასწავლო წელს წარმატებული აკადემიური მოსწრება. მეორე წელს სტიპენდიის მისაღებად ახალი განაცხადის შეტანა საჭირო აღარ იქნება.

დეტალურად აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.