კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შეთავაზება, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს შრომითი ხელშეკრულების პირობების შეცვლა, დაუსაბუთებელია და შესაძლოა, ათეულობით თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებას ისახავდეს მიზნად. საქმეზე კოალიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს, სამეურვეო საბჭოსა და საქართველოს პარლამენტს მიმართავს.

კოალიციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა პასუხი უნდა გაცსეს შემდეგ კითხვებს:

  • ვინ მიიღო გადაწყვეტილება;
  • როგორ შეარჩიეს ის პირები, რომლებსაც შეთავაზება მიუვიდათ;
  • რატომ უნდა გადავიდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნულ რეჟიმზე ახლა და რატომ მხოლოდ ზოგიერთ პოზიციებზე დასაქმებულ კონკრეტულ პირებთან მიმართებით;
  • ძველი პირობებით იღებდა თუ ახლით ამავე პოზიციებზე ახალ თანამშრომლებს საზოგადოებრივი მაუწყებელი 2017-2018 წლებში.

კოალიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს მოუწოდებს, რომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავოს.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა შესაბამის რგოლთან ერთად შეიმუშაოს სამართლიანი და მიუკერძოებელი მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელი გახდება თანამშრომლების კვალიფიკაციის შეფასება და შემდგომში იქნება მიღებული ასეთი მაშტაბური გათავისუფლებების გადაწყვეტილება, თუ ამის საჭიროება დგას საზოგადოებრივ მაუწყებელში", — წერია განცხადებაში.

კოალიცია მიიჩნევს, რომ სამეურვეო საბჭომ უნდა მოსთხოვოს გენერალურ დირექტორს საკადრო პოლიტიკაზე ხედვის წარდგენა, დაამტკიცოს GPB-ის საშტატო განრიგი და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგო.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიმართავს პარლამენტსაც:

"[მივმართავთ] საქართველოს პარლამენტს, დაინტერესდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული ვითარებით და იმ ფაქტით, თუ რატომ არ ასრულებს სამეურვეო საბჭო მასზე დაკისრებულ უფლებამოსილებებს."

საზოგადოებრივი მაუწყებლის შეთავაზება

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების თქმით, არხის მენეჯმენტმა 150-მდე თანამშრომელს ხელშეკრულების ახალი პირობები და საათობრივ ანაზღაურებაზე გადასვლა შესთავაზა. ცვლილება ტექნიკურ პერსონალს შეეხო. ხელშეკრულების შესასწავლად და ხელმოსაწერად ზოგიერთ თანამშრომელს ვადა 4 სექტემბერს ეწურებათ, თუ ისინი პირობებს არ დასთანხმდებიან სამსახურს დატოვებენ.

აუწყებლის მენეჯმენტი თანამშრომლებისთვის ხელშეკრულების ცვლილების შეთავაზებასა და ნაწილის გათავისუფლებას ახალი სამაუწყებლო სეზონის ეფექტიანად განხორციელებით ხსნის.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ორგანიზაციიდან არავინ გაუთავისუფლებიათ, გარდა იმ რამდენიმე ადამიანისა, რომლებიც სამსახურში ფაქტობრივად არ დადიოდა, დანარჩენებს კი მაუწყებელმა შესთავაზა შრომითი ხელშეკრულების ცვლილება", — აღნიშნულია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადებაში, ასევე, ვკითხულობთ, რომ 150-ის ნაცვლად სულ 70-მდე თანამშრომელს შესთავაზეს შეცვლილი პირობებით მუშაობა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა რეორგანიზაციასა და სამუშაო პირობების ცვლილებასთან დაკავშირებით მენეჯმენტის გადაწყვეტილება დღეს, 3 სექტემბერს გააპროტესტეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები აქციაზე სიტყვის გამოსვლისას თქვეს, რომ მენეჯმენტის გადაწყვეტილება გაუგებარია. მათივე თქმით, გაუგებარია, თუ რა პრინციპით შეარჩიეს ის თანამშრომლები, რომლებსაც ახალი პირობები შესთავაზეს. ასევე, მათ განაცხადეს, რომ ახალი შეთავაზება გარანტიებს არ იძლევა.