ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) დანაშაულის სტატისტიკის ანალიზსს აქვეყნებს. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ 2018 წლის ბოლო 7 თვის მონაცემები კრიმინოგენური მდგომარეობისა და გახსნის მაჩვენებლის გაუარესებაზე მიუთითებს.

ამასთან, ავტორი აღნიშნავს, რომ ჩნდება ეჭვი, განვლილი წლების სტატისტიკის სანდოობასთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა, მონაცემების გაუარესების მიზეზი იყოს:

"ვარაუდს მნიშვნელოვნად ამყარებს, განვლილ წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან თანმიმდევრულად სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებისგან თავის არიდება და ცალკეულ შემთხვევებში, საქართველოს თუ საერთაშორისო საზოგადოებისათვის ურთიერთგამომრიცხავი მონაცემების გაცნობა".

სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შედეგად ორგანიზაცია სამინისტროს მოუწოდებს:

  • საზოგადოებას დეტალურად განემარტოს, სტატისტიკის მიხედვით 2018 წლის საწყისი 7 თვის განმავლობაში ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის და დანაშაულის გახსნის მაჩვენებლების მკვეთრი გაუარესების მიზეზები;
  • 2018 წლის საწყის 7 თვეში დანაშაულის სტატისტიკის მკვეთრი გაუარესების ერთ-ერთ მიზეზად, შსს-მ განიხილოს წინა წლებში დანაშაულის სტატისტიკის შესაძლო ფალსიფიკაცია და აღნიშნულის დადგენის მიზნით სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა უზრუნველყოს მოკვლევის ჩატარება.

შსს-ს ბოლო მონაცემებით 2018 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში, საქართველოში რეგისტრირებულმა დანაშაულმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55,8%-ით (11 840 შემთხვევით) მოიმატა, ხოლო გახსნის პროცენტულმა მაჩვენებელმა 17,2%-ით იკლო.

2018 წლის 7 თვის განმავლობაში დარეგისტრირდა დაახლოებით 33 ათასი დანაშაული, მაშინ როდესაც 2014-2017 წლებში მთლიანი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ დანაშაულთა რიცხვი 35 ათასიდან-38 ათასამდე მერყეობდა.

2014-2017 წლებში სტაბილურობით გამოირჩეოდა ასევე, საქმეების გახსნის მაჩვენებელი, რაც 53%-დან 60%-მდე მერყეობდა. ეს ციფრიც, 2018 წლის განმავლობაში მკვეთრად გაურესდა და მხოლოდ 36,67% შეადგინა.