საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის ხსოვნის პატივსაცემად აშშ-ში თავისი ინიციატივით, მარტო გაემგზავრა.

აშშ-ში გაფრენამდე, ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს ხელისუფლება იმისი გამო გააკრიტიკა, რომ მაკკეინის დაკრძალვაზე უმაღლესი რანგის დელეგაცია არ მიდის.

"რეჟიმმა, როგორც სხვა ყველაფერში, აქაც თავი მოიჭრა და ამ დიდი მეგობრის დაკრძალვაზე გაემგზავრა არა სახელმწიფოს უმაღლესი ხელმძღვანელობა, არამედ მესამე-მეოთხე კლასის წარმომადგენლები", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

სენატორ მაკკეინს უკანასკნელ გზაზე საქართველოს ორკაციანი დელეგაცია გააცილებს. ქართული ოცნების დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი და ევროპული საქართველოს დეპუტატი, დავით ბაქრაძე აშშ-ში უკვე გაემგზავრნენ.

საქართველოს ეროვნული გმირის დაკრძალვას არ დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე.

აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში 25 აგვისტოს გარდაიცვალა. 2017 წელს მაკკეინის აგრესიული ფორმის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე მისმა ოჯახმა განცხადა, რომ სენატორი მკურნალობას წყვეტდა.

მაკკეინი არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში და აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს ინტერესებს იცავდა. 2006 წელს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სენატორი მაკკეინი წმინდა გიორგის ორდენით, 2010 წლის იანვარში კი ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა, იმ თანადგომისთვის, რომელიც მან საქართველოს რუსეთთან ომის დროს აღმოუჩინა.

გაიგე მეტი: რით დაამახსოვრა თავი საქართველოს ჯონ მაკკეინმა