ახალი ზელანდიის ერთ-ერთი პატარა სოფლის ხელისუფლება საკუთარ რეგიონში კატების აკრძალვას გეგმავს, ამის მიზეზად კი ენდემური სახეობების კონსერვაცია სახელდება.

ახალი კანონის დამტკიცების შემთხვევაში, შინაური ცხოველების პატრონებს თავიანთი კატის სიკვდილის შემდეგ ახლის აყვანის უფლება აღარ ექნებათ.

ახალი ზელანდიის მთავრობას მავნებლების წინააღმდეგ სპეციალური გეგმა აქვს შემუშავებული, რომელიც 2050 წლისთვის ქვეყნიდან ყველა უცხო სახეობის მტაცებლის განადგურებას ისახავს მიზნად.

როგორც ქვეყნის პრემიერმა განაცხადა, ვირთხები, სინდიოფალები, კატები და სხვა მსგავსი სახეობები, რომლებიც ახალ ზელანდიაში სხვა ქეყნებიდან შეიყვანეს ენდემურ სახეობებს სერიოზულ საფრთხეს უქმნიან.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში შემოყვანილი უცხო სახეობები წლიურად 25 მილიონ ფრინველს ანადგურებენ, რომელთა შორისაა უფრთო კივიც, რომელიც ახალი ზელანდიის სიმბოლოა.

სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები აცხადებს, რომ კატების აკრძალვა ყოვლად მიუღებელია და ის ამ კანონის საწინააღმდეგოდ ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს.