26 წლის ჰაკერი, ჯორჯ გაროფანო, ერთ-ერთი იყო იმ 4-კაციანი ჯგუფიდან, რომელმაც ჯენიფერ ლოურენსის და უამრავი სხვა ადამიანის პირადი მონაცემები გატეხა. გაროფანოს სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კონკრეტულად გაროფანოს 240 ადამიანის პირადი iCloud-ის უკანონო გატეხვა ედება ბრალად. დაზარალებულთა სიაში არიან ჯენიფერ ლოურენსი, ჰოლივუდის სხვა ცნობილი პირები და უბრალოდ მომხმარებლები.

ჰაკერების ჯგუფი მათ პირად ინფორმაციას, მათ შორის შიშველ ფოტოებს, უკანონოდ მოპოვების შემდეგ ინტერნეტში ათავსებდა. დაზარალებულთა შორის იყო კირსტენ დანსტიც.

2014 წელს, ლოურენსმა განაცხადა, რომ მის მიმართ თავდასხმა სექსუალური დანაშაულის ტოლფასი იყო და კანონის გამკაცრება მოითხოვა.

მათ, ვინც კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა, გაროფანო თავს Apple-ის ონლაინ უსაფრთხოების თანამშრომლად აცნობდა და პაროლსა და იუზერნეიმის ართმევდა.

პროკურატურის მოთხოვნა გაროფანოსთვის თავისუფლების 10-დან 16 თვემდე აღკვეთა იყო, თავად ბრალდებულის მხარე კი, 5 თვის ციხეში და 5-ის შინა პატიმრობაში გატარებას ითხოვდა.

"გაროფანოს დანაშაული სერიოზული იყო. ის მსხვერპლის ონლაინ მონაცემებში უკანონოდ აღწევდა და მათ პირად ინფორმაციაზე ჰქონდა წვდომა. ის იპარავდა მათ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, პირად და ინტიმურ ფოტოებს. ეს დანაშაული მან მხოლოდ ერთხელ კი არა, 240-ჯერ ჩაიდინა და ამ კრიმინალურ საქმიანობას 18 თვის განმავლობაში აგრძელებდა.

ის უკანონოდ მოპოვებულ ფოტოებს არამხოლოდ ინახავდა, სხვა ადამიანებსაც უზიარებდა, ან ყიდდა, რომ დამატებითი შემოსავალი მოეპოვებინა. დანაშაულის დროს, მას არ ადარდებდა ის ცუდი გავლენა, რაც მსხვერპლთა ცხოვრებაზე მის ქმედებებს ჰქონდა", - განაცხადა ბრალდების მხარემ სასამართლოში.

დაცვის მხარე ამბობდა, რომ ბრალდებულს თავისი დანაშაული გააზრებული ჰქონდა და მას შემდეგ, რაც დანაშაულის გამო კოლეჯიდან გარიცხეს, კანონთან პრობლემები აღარ შექმნია.

დანარჩენი სამ ჰაკერს სასამართლომ 10-დან 18 თვემდე პატიმრობა მიუსაჯა.