მეცნიერებმა ალტერნატიული ტკივილგამაყუჩებელი საშუალება აღმოაჩინეს, რომელიც მორფინზე ძლიერია, მაგრამ ოპიოიდებზე დაფუძნებული მედიკამენტებისგან განსხვავებით ის დამოკიდებულებას არ იწვევს.

ახალი ნივთიერება AT121-ის სახელით არის ცნობილი, ის ტკივილს უფრო ძლიერად აყუჩებს, ვიდრე მორფინი, ხოლო სხვა ძლიერი ტკივილგამაყუჩებლებისგან განსხვავებით მას ეიფორიის შეგრძნება არ ახასიათებს, შესაბამისად ის მიჩვევასაც არ იწვევს. ჯერ-ჯერობით ახალი ნივთიერება მხოლოდ თაგვებსა და მაიმუნებზეა გამოცდილი, თუმცა მეცნიერები ადამიანებზე კლინიკური ცდების დაწყებას მალე აპირებენ.

"ოპიოიდები ტკივილის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, თუმცა მათ საშინელი გვერდითი ეფექტები აქვთ," - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი.

ოპიოიდურ მედიკამენტებზე დამოკიდებულებამ ბევრ ქვეყანაში საგანგაშო ნიშნულს მიაღწია. ამერიკის შეერთებულ შტატებში 2016 წელს ოპიოიდური მედიკამენტების ზედოზირებით 60 000 ადამიანი დაიღუპა.

ოპიოიდების განსაკუთრებულად მაღალ ეფექტურობას მათი სპეციფიური მოქმედება განაპირობებს. ამ ტიპის მედიკამენტები ტვინში ოპიოიდურ რეცეპტორებს ებმის, რაც ერთდროულად ტკივილის დათრგუნვასა და სიამოვნების შეგრძნების აღძვრას იწვევს.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ როდესაც მაიმუნებს AT121-ს აძლევდნენ, ისინი მასზე დამოკიდებულები არ ხდებოდნენ.

ახალი ნივთიერება, სახელად AT121 ტკივილგამაყუჩებელი ეფექტისთვის ასევე ოპიოიდური ჯგუფის რეცეპტორებს ებმის, განსხვავება ის არის, რომ AT121 გარდა ოპიოიდურისა ნოციცეპტურ რეცეპტორებსაც უკავშირდება, რაც, როგორც დადგინდა ეიფორიის შეგრძნებას ბლოკავს და მიჩვევას არ იწვევს.

კვლევის შემდეგ ეტაპში მედიკამენტის ადამიანის ორგანიზმთან თავსებადობა დადგინდება.