პანკისის სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამომძიებლებს მისთვის ახალი შეკითხვა არ დაუსვამთ.

"კითხვები იყო მიცემული ჩვენების ხელმეორედ გამეორება", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა და აღნშნა, რომ დაკითხვაზე კიდევ ერთხელ მისვლას აღარ აპირებს:

"არ მინდა ჩემი გამასხარავება ამათ რომ ყოველთვის გამოუვიდეთ".

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე აქამდეც არაერთხელ იმყოფებოდა. უწყებაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-323 მუხლის პირველი ნაწილით. სუს-ში აცხადებენ, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 31 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მაჩალიკაშვილის საჯარო განცხადება.

აქციაზე #ნუმომკლავ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ პროცესები იმართებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის მიერ და ის უნდა დაისაჯოს:

"მე და ჩემი რამდენიმე ასეულობით ადამიანი ფიცი გვქონდა დადებული, მივსულიყავით სუს-ში და აგვეფეთქა თავები. მაგრამ მე ეს გადავიფიქრე ჩემი საყვარელი ქართველი ადამიანების გამო, რომ არ დაშავებულიყო რომელიმე რიგითი".