სპორტი დიდი ხანია გასცდა თავის საზღვრებს და ის აღარ არის მხოლოდ გუნდებისა თუ ათლეტების შეჯიბრებების სივრცე. სპორტის სხვადასხვა სახეობებს ყოველწლიურად მილიონობით ახალი გულშემატკივარი ჰყავს და შესაბამისად, მისი გავლენა საზოგადოებრივ აზრზე გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი სხვა სფეროსი. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ადამიანები ცდილობენ მიბაძონ მათთვის საყვარელ ათლეტებს, რომლებიც მათში დადებით ემოციებს იწვევენ.

ლგბტ უფლებების დაცვა სპორტში რამდენიმე წელია აქტიურად დაიწყო. სპორტსმენების დიდი ნაწილი ღიად გამოხატავს ადამიანების თანასწორის იდეისადმი ლოიალურობას და საჯაროდ აცხადებენ, რომ ისინი ადამიანის უფლებების მხარეს დგანან. მათ შორის ისეთი დიდი სპორტსმენები, როგორებიც კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, კონორ მაკგრეგორი, ფლოიდ მეივეზერი და სხვანი არიან. გთავაზობთ წარმატებული და ცნობილი სპორტსმენების განცხადებებსა და ქმედებებს, რომლებიც ლგბტ უფლებების მხარდაჭერას გამოხატავს.

კრიშტიანუ რონალდუ

კრიშტიანო რონალდო ჩემპიონთა ლიგის მეხუთედ მოგებას აღნიშნავს

კრიშტიანო რონალდო ჩემპიონთა ლიგის მეხუთედ მოგებას აღნიშნავს

ფოტო: Tutto Sport

პორტუგალიელი ვარსკვლავი, რომელიც წარსულში მანჩესტერ იუნაიტედსა და რეალ მადრიდში თამაშობდა, ახლა კი იუვენტუსის ფეხბურთელია, ჯერ კიდევ 2010 წელს უცხადებდა მხარდაჭერას ლგბტ საზოგადოებას. ფეხბურთელს კომენტარის გაკეთება პორტუგალიაში ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონებასთან დაკავშირებით სთხოვეს. კრიშტიანუ რონალდუმ აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს ადამიანის თავისუფალ ნებას, იცხოვროს მასთან, ვისთანაც სურს.

"მე, როგორც პორტუგალიელი კაცი, ვცდილობ თვალი ვადევნო ყველაფერს, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება. ვიცი, რომ ერთნაირ სქესიანთა ქორწინების კანონი მიღებულია და ამასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ადამიანის არჩევანი იმსახურებს პატივისცემას. ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ერთნაირი უფლებები და პასუხისმგებლობები", - აღნიშნა რონალდუმ 2010 წელს.

წლების განმავლობაში, თავად რონალდუ არაერთხელ ყოფილა ჰომოფობიის მსხვერპლი. 2016 წელს ბარსელონას გულშემატკივრები ელ კლასიკოს მიმდინარეობისას რონალდოს მისამართით ჰომოფობიური შეძახილებით გამოირჩეოდნენ, რის გამოც ლგბტ უფლებების დამცველთა ორგანიზაციამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას საჩივრით მიმართა.

მანუ ჯინობილი

მანუ ჯინობილი

მანუ ჯინობილი

ფოტო: Sporting News

NBA-სა და სან ანტონიო სპურსის ლეგენდარული კალათბურთელი, მანუ ჯინობილი, ლგბტ უფლებებს საჯაროდ უჭერს მხარს. მაშინ, როდესაც არგენტინამ ერთნაირ სქესიანთა ქორწინება დააკანონა, მანუ ჯინობილს სთხოვეს კომენტარის გაკეთება, რაზეც მან შემდეგი განცხადება გააკეთა:

"მე თავიდან ბოლომდე ვემხრობი ქორწინების დაკანონებას. ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველას ერთნაირი უფლებები გვაქვს", - განაცხადა სან ანტონიო სპურსის ყოფილმა ვარსკვლავმა.

მანუ ჯინობილი 2002 წლიდან ირიცხებოდა სპურსის შემადგენლობაში, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ გუნდი დატოვა. ჯინობილი NBA-ის დიდების დარბაზის წევრია, რომელსაც ამერიკის საკალათბურთო ლიგაში თავისი ეპოქა აქვს შექმნილი.

სტივ ნეში

სტივ ნეში ლეიკერსში თამაშის დროს

სტივ ნეში ლეიკერსში თამაშის დროს

ფოტო: USA Today

კალათბურთის გულშემატკივრებისთვის სტივ ნეში საკმაოდ ნაცნობი ათლეტია, რომელსაც თავისი კარიერის განმავლობაში ფენიქს სანსში, დალას მავერიკსა და ლოს ანჯელეს ლეიკერსში უთამაშია. სტივ ნეში, რომელმაც კარიერა 2015 წელს დაასრულა, ლგბტ საზოგადოების უფლებებს ღიად უჭერს მხარს.

2011 წელს, როდესაც ფენიქს სანსის აღმასრულებელმა დირექტორმა, რიკი უელტსმა ქამინგ აუთი გააკეთა და საჯაროდ განაცხადა, რომ გეი იყო, სტივ ნეში ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა ვინც მას მხარდაჭერა გამოუცხადა.

მოგვიანებით, როდესაც აშშ-ში ერთნაირ სქესიანთა ქორწინების კანონის მისაღებად კამპანია ტარდებოდა, სტივმა მხარდასაჭერი ვიდეოც ჩაწერა, რომელშიც ამბობს, რომ ამ კამპანიაში მონაწილეობით ძალიან ამაყობს.

ფლოიდ მეივეზერი

ფლოიდ მეივეზერი

ფლოიდ მეივეზერი

ფოტო: Forbes

ბოქსის ლეგენდა, ფლოიდ მეივეზერი, რომელსაც კარიერაში 50 მოგება და ნული მარცხი აქვს, ღიად გამოხატავს თავის მხარდაჭერას ლგბტ საზოგადოების მიმართ. 2012 წელს მან საკუთარი ტვიტერის გვერდზე გამოხატა მხარდაჭერა ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონების მიმართ. მეივეზერი წერდა:

"მე მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ობამას და ვემხრობი ერთნაირ სქესიანთა ქორწინებას. მე ამერიკის მოქალაქე ვარ და ვფიქრობ, ადამიანებს აქვთ უფლება იცხოვრონ ისე, როგორც თავად სურთ", - დაწერა ყველაზე მაღალ ანაზღაურებადმა სპორტსმენმა.

ამერიკელმა მოკრივემ ლგბტ საზოგადოების მიმართ მხარდაჭერა 2017 წელსაც გამოხატა. როდესაც მეივეზერი და კონორ მაკგრეგორი პრეს-კონფერენციებს მართავდნენ, მეივეზერმა ირლანდიელ სპორტსმენს ჰომოფობიური ტერმინით მიმართა, რისთვისაც მოგვიანებით ბოდიში მოიხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული შემთხვევა გაუაზრებლად მოხდა და ლგბტ საზოგადოებას მხარს უჭერს.

კონორ მაკგრეგორი

კონორ მაკგრეგორი ჟოზე ალდოს დამარცხების შემდეგ ჩემპიონობას აღნიშნავს

კონორ მაკგრეგორი ჟოზე ალდოს დამარცხების შემდეგ ჩემპიონობას აღნიშნავს

ფოტო: RTE

MMA-სა და UFC-ს ვარსკვლავი, კონორ მაკგრეგორი, კიდევ ერთი სპორტსმენია, რომელიც ლგბტ საზოგადოება და ერთნაირ სქესიანთა ქორწინებას მხარს უჭერს. 2015 წელს მან თავის ტვიტერზე ირლანდიელ ხალხს მიმართა, რომ რეფერენდუმში მხარი დაეჭირათ ქორწინების ლეგალიზებისთვის. ის წერდა:

"მე და ჩემი გუნდი გთხოვთ, რომ მხარი დაუჭიროთ თანასწორობას და განაცხადოთ "დიახ" [ვეთანხმები ქორწინების ლეგალიზებას]. ყველა ადამიანი იმსახურებს თანასწორ უფლებებს", - წერდა UFC-ს მცირე და საშუალო წონის ჩემპიონი.

ჟურნალისტებთან საუბარში, როდესაც მაკგრეგორი ჟოზე ალდოსთან შეხვედრის წინ პრეს-კონფერენციას მართავდა, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ლგბტ საზოგადოებას მხარს უჭერდა.

"ჩვენ ყველა ვიმსახურებთ თანასწორ უფლებებს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ყველა ადამიანები ვართ, განურჩევლად კანის ფერისა, გენდერისა, სექსუალური ორიენტაციისა. ამ ნიშნით გამორჩევა სრული უაზრობაა. ჩვენ ვიმსახურებთ თანასწორობას, ჩემთვის ეს სრულიად მისაღებია", - ამბობდა ირლანდიელი ჩემპიონი.

კევინ დურანტი

კევინ დურანტი NBA-ს თასით ხელში

კევინ დურანტი NBA-ს თასით ხელში

ფოტო: ABC News

კევინ დურანტი NBA-ს კიდევ ერთი ვარსვკვლავია, რომელიც ლგბტ საზოგადოებას მხარს უჭერს. Golden State Warriors-ის ფორვარდმა და ზაზა ფაჩულიას ყოფილმა თანაგუნდელმა, 2017 წლის 25 ივნისს ტვიტერზე დაპოსტა, რომ მხარს უჭერდა ლგბტ საზოგადოების ნიუ-იორკში გასამართ მარშს.

"ვამაყობ, რომ ჩვენი პრეზიდენტი, რიკი უელტსი წარმოადგენს უორიორს და უერთდება NBA-ს ოჯახს ამ წლის ნიუ-იორკის მარშზე", - წერდა NBA-ს მოქმედი ჩემპიონი.

2013 წელს კევინ დურანტმა მხარი დაუჭირა NBA-ის კიდევ ერთ მოთამაშეს, ჯეისონ კოლინს, რომელმაც ქამინგ აუთი გააკეთა და განაცხადა, რომ გეია. მაშინ დურანტი ამბობდა:

"არავის აქვს უფლება კოლინსი განსაჯოს. თუ ის თავს ბედნიერად გრძნობს, ჩემთვის ყველაფერი მისაღებია. როდესაც კოლინსის წინააღმდეგ მიწევს თამაში, ის არაჩვეულებრივად თამაშობს. პირადად არ ვიცნობ, მაგრამ თუ ის ბედნიერია, მიხარია. მე ბოლომდე მხარს ვუჭერ მას" - თქვა კევინ დურანტმა.

სერხიო მარტინეზი

სერხიო მარტინესი

სერხიო მარტინესი

ფოტო: Getty Images

არგინტენელი მოკრივე, რომელსაც კარიერაში ჩატარებული 56 შეხვედრიდან მხოლოდ სამი მარცხი და ორი ფრე აქვს, დანარჩენი კი გამარჯვება, ლგბტ საზოგადებას ღიად უჭერს მხარს. საშუალო წონითი კატეგორიის ყოფილი ჩემპიონი აცხადებს, რომ ბავშვობაში ის თავად იყო ბულინგის მსხვერპლი, ამიტომ ის აქტიურად უჭერს მხარს ჩაგვრის წინააღმდეგ ნებისმიერ კამპანიას.

მარტინეზმა 2011 წელს კამპანიისთვის "It Gets Better" ვიდეოც ჩაწერა, სადაც საკუთარ ისტორიას ყვება და ჩაგრულ ჯგუფებს თავის მხარდაჭერას უდასტურებს.

უეინ რუნი

უეინ რუნი ვესტ ჰემთან მატჩის დროს ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერი სამკლაურით

უეინ რუნი ვესტ ჰემთან მატჩის დროს ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერი სამკლაურით

ფოტო: Sky Sport

ინგლისელი ფორვარდი, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედსა და ევერტონში თამაშობდა, ახლა კი DC United-ის წევრია, ლგბტ საზოგადოების მიმართ მხარდაჭერას კაპიტნის სამკლაურით გამოხატავს. 2017 წელს ვესტ ჰემთან გამართული მატჩის დროს, უეინ რუნი მოედანზე ცისარტყელას ფერებიანი სამკლაურით გამოჩნდა, რითაც დაადასტურა თავისი მხარდაჭერა ლგბტ საზოგადოების მიმართ.

ხუან მატა და პრემიერ ლიგის სხვა ფეხბურთელები

ხუან მატა ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერი სამკლაურით

ხუან მატა ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერი სამკლაურით

ფოტო: Sky Sports

აღნიშნული სამკლაური მანჩესტერ იუნაიტედის კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, ესპანელმა ხუან მატამაც მოირგო. ამ კამპანიაში ჩართულები იყვნენ ჩელსის ყოფილი კაპიტანი გარი კეჰილი, ლივერპული კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი, არსენალის ყოფილი კაპიტანი ლორან კოშიელნი, მანჩესტერ იუნეიტედის ყოფილი ფეხბურთელი მაიკლ კერიკი და სხვ.

ჩელსის ყოფილი კაპიტანი გარი კეჰილი

ჩელსის ყოფილი კაპიტანი გარი კეჰილი

ფოტო: Sky Sports

ჯორდან ჰენდერსონი ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერი სამკლაურით

ჯორდან ჰენდერსონი ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერი სამკლაურით

ფოტო: Sky Sports

მაიკლ კერიკი და ლორან კოშიელნი ლგბტ საზოგადოების მხარდაჭერის მიზნით ცვლიან ლენტებს

მაიკლ კერიკი და ლორან კოშიელნი ლგბტ საზოგადოების მხარდაჭერის მიზნით ცვლიან ლენტებს

ფოტო: Sky Sports

რუდ ვან ნისტელროი

რუდ ვან ნისტელროი

რუდ ვან ნისტელროი

ფოტო: Sky Sports

ჰოლანდიელი ფორვარდი, რომელიც წარსულში მანჩესტერ იუნაიტედისა და რეალ მადრიდის რიგებში გამოდიოდა, მხარს უჭერს ლგბტ საზოგადოების უფლებების დაცვას. 2017 წელს მან "Heroes of Football" კამპანიაშიც მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ნისტელროიმ ლგბტ საზოგადოების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა თქვა:

"ეს მესიჯი ეკუთვნის ყველას, ვისაც ფეხბურთი უყვარს. ფეხბურთი მთელი ჩემი სიცოცხლეა. ფეხბურთი ყველასთვისაა - ჩემთვის, შენთვის, ყველასთვის... მნიშვნელობა არ აქვს შენს კულტურასა და რელიგიას, არც იმას გეი ხარ თუ ლესბოსელი. ერთად, ჩვენ შეგვიძლია ყველამ ბედნიერად ვიცხოვროთ. ჩემს გუნდში, ყველა თანასწორია", - თქვა რუდ ვან ნისტელროიმ, რომელსაც პრემიერ ლიგაში 95 გოლი აქვს გატანილი.

ამავე თემაზე: