ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა და ჩაერთო კამპანიაში #გურამშენთანვართ.

ოფიციალურ გვერდზე კობიაშვილმა ფეხბურთის ფედერაციის გამოქვეყნებული ფოტო დაპოსტა წარწერით: "სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენც ქვეყანაში, იმ ადამიანებისთვის გამოვცხადდები ნაკრებში."

კაშიას მხარდასაჭერი განცხადება გააკეთა ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა, ნიკა ჯღარკავამაც. მისი თქმით, ფედერაცია ყოველთვის იქნება ძალადობის წინააღმდეგი და კაშიას მიღებული ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია.

ამავე კამპანიის ფარგლებში კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა ნაკრების ფეხბურთელებმა, გიორგი მერებაშვილმა, გიორგი ლორიამ, ნიკა კეკვესკირმა და გიორგი ქვილითაიამ. კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს ქართული სპორტის ქომაგებმაც.

კაშიას მხარდასაჭერად სოციალურ ქსელებში კამპანია #გურამშენთანვართ მას შემდეგ დაიწო, რაც კაშიამ ვერიფიცირებული ფეისბუქგვერდი გააუქმა და ინსტაგრამის ანგარიში დახურა.

ინსტაგრამის სთორიში ქვეყნდება პოსტები ჰეშთეგით #გურამშენთანვართ და @37GK, რაც კაშიას ინსტაგრამის მისამართია. ფეისბუქის მომხმარებლები კი მხარდასაჭერად ჩარჩოს იყენებენ. ჩარჩოს საკუთარ პროფილზე დასაყენებლად დააკლიკეთ აქ.

გასული წლის ოქტომბერში, ფეისბუკზე კაშიას ფოტოს გამოჩნდა, რომელზეც თამაშის დროს, ლგბტ დროშის ფერებში სამკლაური უკეთია. ფოტომ ქართველი მომხმარებლების ნაწილი გააღიზიანა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ უეფა გურამ კაშიას ლგბტ თემის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის დააჯილდოებს. #EqualGame უეფას ახალი ჯილდოა, რომელიც პირველად ქართველ ფეხბურთელს გადაეცა.

გურამ კაშიამ უეფასთან საუბარში განაცხადა, რომ ამ ჯილდოს მიღების გამო ძალიან ამაყობს.

"ვამაყობ, რომ უეფამ #EqualGame-ის ჯილდო მე გადმომცა. მე მჯერა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, განურჩევლად იმისა, თუ რისი გწამს, ვინ გიყვარს და რას წარმოადგენ... მადლობა უეფას პრეზიდენტს ამ ჯილდოსთვის. სადაც არ უნდა ვითამაშო, ყოველთვის გავაგრძელებ თანასწორობის უფლებების დაცვას", - ამბობს კაშია.