ინსტაგრამის მომხმარებლები საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანსა და სან ხოსეს ცენტრალურ მცველს, გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებენ. მას შემდეგ, რაც კაშიამ ვერიფიცირებული ფეისბუქგვერდი გააუქმა და ინსტაგრამის ანგარიში დახურა მომხმარებლები მხარდამჭერ პოსტებს ინსტაგრამის სთორიში აქვეყნებენ იმისთვის, რომ მას ხმა მიაწვდინონ.

ინსტაგრამის სთორიში ქვეყნდება პოსტები ჰეშთეგით #გურამშენთანვართ და @37GK, რაც კაშიას ინსტაგრამის მისამართია. ფეისბუქის მომხმარებლები კი მხარდასაჭერად ჩარჩოს იყენებენ. ჩარჩოს საკუთარ პროფილზე დასაყენებლად დააკლიკეთ აქ.

ფლეშმობს წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ ფეისბუქის გაუქმების შემდეგ, კაშიამ ინსტაგრამის სთორიში პოსტები გამოაქვეყნა, სადაც წერს რომ საკუთარ გადაწყვეტილებას არ ნანობს და ის გააგრძელებს თამაშს საქართველოს ნაკრებში.

გასული წლის ოქტომბერში ფეისბუკზე კაშიას ფოტოს გამოჩნდა, რომელზეც თამაშის დროს, ლგბტ დროშის ფერებში სამკლაური უკეთია. ფოტომ ქართველი მომხმარებლების ნაწილი გააღიზიანა. მოგვიანებით კაშიამ განაცხადა, რომ ძალადობის წინააღმდეგია და არ ნანობს რაც გააკეთა. თავად სამკლაური კი ცნობიერების ამაღლების კამპანიის ნაწილია.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ უეფა გურამ კაშიას ლგბტ თემის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის დააჯილდოებს. #EqualGame უეფას ახალი ჯილდოა, რომელიც პირველად ქართველ ფეხბურთელს გადაეცა.

გურამ კაშიამ უეფასთან საუბარში განაცხადა, რომ ამ ჯილდოს მიღების გამო ძალიან ამაყობს.

"ვამაყობ, რომ უეფამ #EqualGame-ის ჯილდო მე გადმომცა. მე მჯერა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, განურჩევლად იმისა, თუ რისი გწამს, ვინ გიყვარს და რას წარმოადგენ... მადლობა უეფას პრეზიდენტს ამ ჯილდოსთვის. სადაც არ უნდა ვითამაშო, ყოველთვის გავაგრძელებ თანასწორობის უფლებების დაცვას", - ამბობს კაშია.