განახლება: ისტორია, რომლის საფუძველზეც უსახლკაროს $400 ათასი შეუგროვეს, გამოგონილი აღმოჩნდა

On.ge-ს მკითხველს აუცილებლად ემახსოვრება კეთილი ისტორია უსახლკაროზე, რომელიც ქუჩაში ღამით ქალს 20 დოლარით დაეხმარა.

მოგვიანებით, მის დასახმარებლად ქალმა და მისმა შეყვარებულმა GoFundMe-ზე საქველმოქმედო კამპანია წამოიწყეს, სადაც ათასობით ადამიანმა მისთვის 402 706 დოლარი რომ შეაგროვა. უსახლკარო, სახელად ჯონი ბობიტი, იმასაც კი ყვებოდა, როგორ აპირებდა ფულის დახარჯვას მისი მიღების შემდეგ.

თუმცა, ისტორია შეიცვალა და როგორც ჯონი ამბობს, მას არც სასურველი საცხოვრებელი მიუღია, არც მანქანა და არც სამსახურის პოვნაში დახმარებია ვინმე. მისი სიტყვებით, კეიტ მაკლური და მარკ დამიკო მას თანხის მოძიებაში დაეხმარნენ, თუმცა მისი 300 000 დოლარი კვლავ შენახული აქვთ.

"მე ისევ ქუჩაში გამოვედი სამათხოვროდ, ისევ უსახლკარო ვარ და არც ფული გამაჩნია. თავდაპირველად, მათი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარ მანქანაში ვცხოვრობდი, მათ მე გაფუჭებული მანქანა მომცეს", - ამბობს ქუჩაში დაბრუნებული ბობიტი.

ჯონი დასძენს, რომ წყვილმა ახალი BMW შეიძინა, შემდეგ კი ლას-ვეგასში, ფლორიდასა და არიზონაში წავიდა სამოგზაუროდ.

თავად კეიტი და მარკი ამბობენ, რომ მათ საკუთარი დანაზოგით შეიძინეს მანქანა და სამოგზაუროდაც თავისი ხარჯებით წავიდნენ. ისინი ამბობენ, რომ ბობიტს დანარჩენ ფულს მას შემდეგ დაუბრუნებენ, როდესაც ის მუშაობას დაიწყებს და ნარკოტიკებს თავს დაანებებს.

"მას ფული სრულად მივცეთ? ეს არ მოხდება. მირჩევნია, მის თვალწინ დავწვა", - ამბობს კეიტის შეყვარებული მარკი. თავდაპირველად წყვილი ამბობდა, რომ ისინი ჯონს ფინანსური მრჩეველის დაქირავებაში დაეხმარებოდნენ, რომელიც მას ფულის განკარგვაში დაეხმარებოდა.

აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა GoFundMe-მაც:

"ჩვენ ვმუშაობთ ორივე მხარესთან, რომ დავრწმუნდეთ, რომ თანხა იმ ადამიანამდე მიაღწევს, ვისთვისაც კამპანია ჩატარდა. ასევე ვთანამშრომლობთ სამართალდამცავებთან. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჯონიმ ის თანხა მიიღოს, რომელიც მას უცნობმა ადამიანებმა შეუგროვეს".

ჯონი ბობიტის ისტორია

2017 ოქტომბრის გვიან ღამეს კეიტ მაკლურის ნიუ-ჯერსის გზაზე მანქანა გაუჩერდა, მას უახლოეს ბენზინგასამართ სადგურამდე ფეხით წასვლა მოუწია. თუმცა იქვე მყოფმა უცნობმა უსახლკარო კაცმა მას მანქანაში დაბრუნება ურჩია და შესთავაზა, რომ საწვავს თავად მოუტანდა.

მაკლურის თქმით, უსახლკარომ, ჯონი ბობიტმა, მას თავისი უკანასკნელი 20 დოლარით საწვავი უყიდა და მოუტანა, მას კი უკან მისაცემად ნაღდი ფული არ ჰქოდა. მაშინ გადაწყვიტა, რომ ჯონის ძველი ცხოვრების დაბრუნებაში დახმარებოდა.

მეორე დღეს მაკლური და მისი შეყვარებული უსახლკაროსთან მივიდნენ, ფული დაუბრუნეს და ესაუბრნენ. ბოლოს კი გადაწყვიტეს, რომ მის შესახებ GoFundMe-ზე დაეწერათ.

თავდაპირველად უსახლკაროსთვის გამიზნული იყო 10 000 დოლარის შეგროვება, თუმცა საბოლოოდ, 14 347-მა ადამიანმა მისთვის 16 დღეში $402 706 შეაგროვა.