ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე სატვირთო მანქანების შეჯახების შედეგად ორი პირი დაშავდა. ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა დაუდასტურა.

როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა On.ge-სთან საუბრისას განაცხადა, შემთხვევის შედეგად ორივე პირი მსუბუქად დაშავდა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, ავარიის შედეგად თამარ მეფის გამზირი ჩაკეტილი იყო, ამ დროისთვის კი ორივე მიმართულებით გზა გახსნილია და მოძრაობა აღდგა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული. აღნიშნული მუხლით სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.