ამერიკელი მუსიკოსის პრინსის ოჯახი მის ექიმს უჩივის და მომღერლის სიკვდილში ადანაშაულებს. სარჩელი მინესოტას სასამართლოში შევიდა. ოჯახი მიიჩნევს, რომ ექიმმა პრინსს, რომელიც ოპიოიდს მოიხმარდა, სათანადო მკურნალობა არ გაუწია.

"ექიმ მაიკლ შულენბერგს მუსიკოსის სიკვდილში არსებითი როლი ჰქონდა. მან ვერ შეძლო სწორად შეეფასებინა პრინსის მდგომარეობა, დაესვა დიაგნოზი, ემკურნალა და მისთვის ამ დაავადებაზე ინფორმაცია მიეწოდებინა. მოგვიანებით, მან არ იმოქმედა შესაბამისად საიმისოდ, რომ ფატალური შედეგი აერიდებინა თავიდან", - წერია სარჩელში.

თავად ექიმი ბრალდებებს უარყოფს. ოჯახი მისგან ზიანის სახით 50 ათას დოლარს ითხოვს.

პრინსი 2016 წლის 21 აპრილს, ტკივილგამაყუჩებლის, ფენტანილის გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა. ის ლიფტში გონებადაკარგული იპოვეს.

გამოძიების მიხედვით, ის წლების განმავლობაში ფიზიკური ტკივილით იტანჯებოდა. მის სახლში სამართალდამცავებმა სხვადასხვა სახის ტკივილგამაყუჩებლები იპოვეს. მტკიცებულებებით გაირკვა, რომ პრინსი ფიქრობდა, რომ ვიკოდინს იღებდა, თუმცა ის სინამდვილეში არასწორ წამალს სვამდა, რომელიც ფენტანილის სასიკვდილო დოზას შეიცავდა.

2018 წლის აპრილში, მუსიკოსის გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ, პროკურატურამ განაცხადა, რომ მის სიკვდილში დამნაშავის როლი არ იკვეთებოდა და არ არსებობდა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული აბები მუსიკოსს ექიმმა შულენბერგმა გამოუწერა.