ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა მანავის ბანაკში, რომელმაც გურამ ფალავანდიშვილის მიმართვის საფუძველზე მუშაობა შეაჩერა, Gydea-ს სატრენინგო სესია განაახლა. ბანაკში ტრენინგს ორგანიზაცია Gydea, გაეროს მოსახლეობის ფონდის ეგიდით უძღვება.

"ამ ეტაპზე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საბანაკე პროგრამას", - განუცხადა On.ge-ს ცენტრმა.

"მომავლის ბანაკმა" მუშაობა რამდენიმე დღის წინ შეაჩერა. საქმე ეხება ფეისბუქგვერდ "ზნეობაზე" გავრცელებულ წერილს, სადაც გურამ ფალავანდიშვილს მშობლის სტატუსით მიმართავს ბანაკის აქტივობებით უკმაყოფილო ბადრი დავითური.

ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში განაცხადეს, რომ შეკითხვები 7-დღიანი საბანაკე პროგრამის მხოლოდ მესამე - ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით გაჩნდა და ტრენინგები შეჩერდებოდა მანამ, სანამ გაეროს მოსახლეობის ფონდი სიტუაციას არ შეისწავლიდა.

ცენტრის ინფორმაციით, 19 აგვისტოს მანავის "მომავლის ბანაკის" ხელმძღვანელებს, 21 აგვისტოს კი ცენტრის მენეჯმენტს გურამ ფალავანდიშვილმა თანმხლებ პირებთან ერთად წარუდგინა ბადრი დავითურის განცხადება. წერილში ავტორი ამბობს, რომ ტრენინგის მონაწილეებს ათამაშებდნენ "სულიერებისთვის ხიფათის შემცველ თამაშებს".

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ედო დემეტრაშვილმა On.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ მათი სესია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას ეხებოდა, რასაც საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით ახორციელებენ.

წერილში ნახსენებ ბრალდებებს ცრუს, ცილისმწამებლურსა და არასწორად ინტერპტრეტირებულს უწოდებს ორგანიზაცია Gydea, რომელიც არაფორმალური განათლების აქტივობებს ტრენინგებზე, წლებია ატარებს.

ორგანიზაციამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადა, რომ ბადრი დავითურის წერილში მითითებული სავარჯიშოები, ემსახურება მოზარდებისთვის გენდერული სტერეოტიპების შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და სტერეოტიპების დამსხვრევას.