ომის დასრულებიდან 10 წელი გავიდა, მაგრამ რუსეთი დღემდე უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს. მავთულხლართების გავლების, ე.წ საზღვრის გადმოწევის და მოქალაქეების გატაცების რეჟიმში მყოფი საქართველო საკუთარ ტერიტორიებზე კონტროლს ვერ იბრუნებს. პარალელურად კი რუსეთი სეპარატისტულ განწყობებს აღვივებს.

2018 წლის, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა "დამოუკიდებლობის" 10 წლისთავი აღნიშნეს. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთს ჯერ კიდევ 90-იან წლებში ჰყავდა თვითგამოცხადებული პრეზიდენტი, დე ფაქტო სახელმწიფო მაინც 10-წლიან დამოუკიდებლობას ზეიმობს. ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ ხელმძღვანელები ამტკიცებენ, რომ რუსეთის მიერ მათი სუვერენულ სახელმწიფოებად აღიარება საერთაშორისო აღიარების ტოლფასია.

"სამხრეთ ოსეთი, სიმამაცის ისტორია", - 26 აგვისტოს ამ სახელწოდებით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ღონისძიება გაიმართა, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტმა, ბიბილოვმა ხალხს მიმართა და "რუსეთის დახმარებით გათავისუფლება" მიულოცა.

ანატოლი ბიბილოვი რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების აღსანიშნავ ღონისძიებაზე.

ფოტო: სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია

"განსაკუთრებული წვლილისთვის მადლიერების ნიშნად" ბიბილოვმა რუსეთის ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები, დიმიტრი მედვედევი და ვლადიმერ პუტინი "უაცამონგის" ორდენით დააჯილდოვა, რომელიც უმაღლესი საბრძოლო ჯილდოა დე ფაქტო რესპუბლიკაში.

ბიბილოვმა განაცხადა, რომ ყველაზე ლამაზი სიტყვებიც კი ვერ გადმოსცემს მადლიერებას ყველაფრისთვის, რაც "დიდებულმა რუსეთმა" მათთვის გააკეთა. რამდენიმე დღით ადრე კი მან აღნიშნა, რომ მისი ცხოვრების სტიმულია სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში იხილოს.

ფეისბუქში გავრცელებულ მილოცვაში მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რუსეთის მნიშვნელობას "გადარჩენისთვის ბრძოლაში"

"ქედს ვიხრი რუსი ხალხის წინაშე, მხარდაჭერისთვის. ასევე, უდიდესი მადლობა რუსეთის ფედერაციის მმართველ ძალას მთელი ერის სახელით. დიდება რუსეთს, დიდება ოსეთს."

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ ოსეთში გამართულ საზეიმო ღონისძიებებს თავად არ სწვევია. მან 23 აგვისტოს რუსეთში მიიწვია და იქ შეხვდა ბიბილოვსა და ხაჯიმბას. თუმცა, ე.წ დამოუკიდებლობა ოსებს მისი სახელით რუსეთის ელჩმა მიულოცა.

"2008 წლის აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილებას, აგრესიისგან დაგვეცვა მოძმე ერი, მოყვა აღიარება სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის, რამაც გზა გაუხსნა ამ რესპუბლიკის დამოუკიდებელ განვითარებას", - ეწერა პუტინის მიმართვაში.

გარდა ამისა პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ყოველთვის მხარს დაუჭერს სამხრეთ ოსეთს, განსაკუთრებით კი სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში.

ოსეთში ღონისძიებას ესწრებოდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი, რომელმაც აღნიშნა, რომ მოხარულია მისი ქვეყნის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების შესახებ.

სამხრეთ ოსეთმა გამოიჩინა დიდი სიმამაცე საკუთარ მტრებთან ბრძოლაში და დღეს გახდა მაგალითი მათთვის, ვინც თავისუფლებას ეძებს

ბაშარ ალ ასადი

დე ფაქტო ოსეთს დამოუკიდებლობა მიულოცა სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმაც, რომლის მიმართვაც რუსეთში სირიის ელჩმა წაიკითხა. ასადის განცხადებით, სირიას დიდი სურვილი აქვს წვლილი შეიტანოს იმაში, რომ ოსეთმა გაიმყაროს პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე.

"სამხრეთ ოსეთმა გამოიჩინა დიდი სიმამაცე საკუთარ მტრებთან ბრძოლაში და დღეს გახდა მაგალითი მათთვის, ვინც თავისუფლებას ეძებს", - ეწერა ასადის მილოცვაში.

დე ფაქტო ოსეთის სახელისუფლებო მედიების ინფორმაციით, ოსეთში სახალხო ზეიმი გაიმართა და ადგილობრივები დროშებით ხელში მარშს აწყობდნენ ქალაქის ქუჩებში.

ფოტო: MIA

ახალგაზრდების მსვლელობა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად.

ფოტო: MIA

რუსეთის მიერ დამოუკიდებლად აღაირების 10 წლისთავი აღნიშნეს აფხაზეთშიც. ადგილობრივი სამთავრობო გამოცემის ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტმა ხაჯიმბამ რუსეთის და დე ფაქტო ოსეთის დელეგაციებს უმასპინძლა და "მათი გულითადი მილოცვები მიიღო".

საზეიმო ღონისძიება აფხაზეთის დრამატულ თეატრში გაიმართა, სადაც ვლადიმერ პუტინის მისალოცი შეტყობინება წაიკითხეს. პუტინმა "საუკეთესო სურვილები" უსურვა ხაჯიმბას და აქაც განაცხადა, რომ რუსეთი ყოველთვის დაუდგება გვერდით აფხაზეთს სახელმწიფოს მშენებლობაში და უსაფრთხოების საკითხებში.

სამთავრობო მედიის ინფორმაციით, სოხუმში საზეიმო ბაზრობაზე ადგილობრივი ნაწარმი ჰქონდათ გამოფენილი და მოსახლეობა აფხაზურ სამოსში იყო ჩაცმული. აქვე გაიმართა აფხაზური მუსიკისა და ცეკვის საღამო, რომელსაც სეპარატისტი ლიდერები ესწრებოდნენ.

ფოტო: Apsnypress

სოხუმშივე გაიმართა გამოფენა სახელად "აღიარების დღესასწაული". საბოლოოდ კი დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ, აფხაზეთის თვითგამოცხადებული პრეზიდენტების, ვლადისლავ არძინბას და სერგეი ბაღაფშის საფლავები ყვავილებით შეამკო და ისაუბრა მათ "განუსაზღვრელ" წვლილზე აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ხაჯიმბამ, დელეგაციებთან ერთად შეამკო აფხაზეთის ომში დაღუპული სამხედროების მემორიალიც.

დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მისალოცი ტექსტი ფეისბუქზეც გამოაქვეყნა. მან აღნიშნა, რომ 10 წლის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა "რთული, მამაკაცური, მაგრამ სამართლიანი" გადაწყვეტილება მიიღო, როცა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

პოსტში ხაჯიმბა ამტკიცებს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ რთული გზა გამოიარა და ძლივს გადარჩა, მაგრამ არავის შეპარვია ეჭვი დასახულ მიზანში.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისოდ აღიარებს საქართველო აქტიურად უშლის ხელს, დასავლელ პარტნიორებთან ერთად, აფხაზეთი მაინც დგამს ნაბიჯებს საერთაშორისო სტატუსის მისაღებად

რაულ ხაჯიმბა

ხაჯიმბა წერს, რომ რუსეთის აღიარებას მოჰყვა ვენესუელის და ნიკარაგუას აღიარებაც. მისი თქმით, ამ ქვეყნებთან თანამშრომლობამ აფხაზეთის ეკონომიკურ განვითარებას და უსაფრთხოების გაზრდას შეუწყო ხელი.

"მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისოდ აღიარებს საქართველო აქტიურად უშლის ხელს, დასავლელ პარტნიორებთან ერთად, აფხაზეთი მაინც დგამს ნაბიჯებს საერთაშორისო სტატუსის მისაღებად",- წერს ხაჯიმბა და ამატებს, რომ მსგავსი ბრძოლის და რუსეთის დახმარებით აფხაზეთი დამოუკიდებლად აღიარა სირიამ.

აფხაზეთის ე.წ დამოუკიდებლობის მისალოცი პოსტი დაწერა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმაც, დაურ კოვემ. კოვე წერს, რომ მუდმივად მადლიერები იქნებიან რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის:

"ჩვენთვის ეს ეპოქალური და მნიშვნელოვანი მოვლენაა, ჩვენ ხომ ძალიან მტკივნეული გზა გამოვიარეთ ჩვენს თავისუფლებამდე. ჩვენ მოგვეცა შანსი გვეშენებინა მშვიდობიანი ხვალინდელი დღე".

სანამ რუსეთი მის მიერვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ დამოუკიდებლობის დღესასწაულის ორგანიზებაშია ჩართული, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილი მოსახლეობა სახლში დაბრუნებაზე ოცნებობს. ე.წ საზღვირისპირა სოფლების მოსახლეობა კი ყოველდღიურად კარგავს საქართველოს მავთულხლართებში.

ამავე თემაზე: