The Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თეთრ სახლს განცხადების გავრცელება აუკრძალა. გამოცემა ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც The Washington Post წერს, ადმინისტრაციამ წინასწარ მოამზადა განცხადება, რომელშიც გარდაცვლილი სენატორი მოხსენიებული იყო გმირად და ვიეტნამის ომში მონაწილეობასა და სენატში მუშაობას აღნიშნავდნენ. მაკკეინი გარდაცვალების შემდეგ პრესრელიზი პრეზიდენტს გადაუგზავნეს, თუმცა მან მისი გავრცელება აკრძალა.

ამის ნაცვლად აშშ-ის პრეზიდენტმა მოკლე განცხადება დაწერა ტვიტერზე:

"ჩემი ღრმა მწუხარება და პატივისცემა სენატორ ჯონ მაკკეინის ოჯახს. ჩვენი გულები და ლოცვა თქვენთანაა!"

აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში 25 აგვისტოს გარდაიცვალა. 2017 წელს მაკკეინის აგრესიული ფორმის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე მისმა ოჯახმა განცხადა, რომ სენატორი მკურნალობას წყვეტდა.

ჯონ მაკკეინი დონალდ ტრამპის მწვავე კრიტიკოსი იყო. სენატორი პრეზიდენტს მიგრანტების მიმართ დამოკიდებულებისა და პოლიტიკის გამო აკრიტიკებდა.

ერთ-ერთი გამოსვლის დროს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მაკკეინს გმირად არ მიიჩნევდა:

"ის გმირი არაა, ის ხომ ტყვედ ჩავარდა. მე უფრო მომწონს ხალხი, რომელიც ტყვედ არ ვარდება".

სწორედ ჯონ მაკკეინმა შეუშალა ხელი დონალდ ტრამპს, რომ ჯანდაცვის საკითხებზე "ობამაქეარის" სახელით ცნობილი კანონი გაეუქმებინა. სენატში რესპუბლიკელებს 100-დან 52 სკამი ეკავათ და კანონის გასაუქმებლად 50 ხმა ჰყოფნიდათ.

ჯონ მაკკეინი, რომელსაც ტვინზე ოპერაცია ახალი გადატანილი ჰქონდა, კაპიტოლიუმში მივიდა და დემონსტრაციულად არ დაუჭირა მხარი ტრამპის ჩანაფიქრს, რითაც ობამას მემკვიდრეობა შეინარჩუნა.

ცნობილია, რომ სენატორის სუვილისამებრ მისი დაკრძალვის ცერემონიას ყოფილი პრეზიდენტები ბარაკ ობამა და ჯორჯ ბუში უმცროსი დაესწრებიან. ასევე, მისივე თხოვნით ცერემონიას არ დაესწრება დონალდ ტრამპი.

ამავე თემაზე: