ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მისი ოფისის განცხადებით, ის შაბათს, 25 აგვისტოს გარდაიცვალა, ოჯახის წევრების გარემოცვაში.

2017 წლის ივლისში, მაკკეინის აგრესიული ფორმის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. ექიმებმა მას თავის არეში არსებული სიმსივნური წარმონაქმნები ამოაჭრეს.

რამდენიმე დღეში, სენატში სიტყვით გამოსვლისას, მაკკეინს ჯერ კიდევ ეტყობოდა ნაოპერაციევი და შეშუპება ჭრილობის გარშემო.

ტვინის ოპერაციიდან რამდენიმე დღეში, მაკკეინი სენატში დაბრუნდა. 25 ივლისი, 2017 წელი.

ფოტო: Andrew Harrer / Getty Images

2017 წლის დეკემბერში, ოჯახთან ყოფნისთვის მაკკეინმა ვაშინგტონი დატოვა და არიზონაში მდებარე სახლში დაბრუნდა. ის სამედიცინო მკურნალობას აგრძელებდა, რომელიც პარასკევს, 24 აგვისტოს შეწყვიტა.

მაკკეინის შვილმა, მეგანმა, მამის გარდაცვალების შემდეგ, ტვიტერზე გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა:

"დღეები და წლები, რომლებიც მამაჩემის გარეშე დადგება, აღარასდროს იქნება ძველებური. თუმცა იქნება სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე დღეები, როგორც იმის მაგალითი, რომ ის ჩვენს შორის ცხოვრობდა".

მაკკეინის გარდაცვალებას მოკლე წერილით გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მის ოჯახს მიუსამძიმრა:

"ჩემი ღრმა სიმპათია და პატივისცემა სენატორ ჯონ მაკკეინის ოჯახს. გითანაგრძნობთ და ვლოცულობთ თქვენთვის".

ჯონ მაკკეინი ვიეტნამის ომის გმირი იყო. ის ხუთწელიწადნახევარი ტყვედ იყო ჩავარდნილი და წამების მსხვერპლი იყო. მიღებული დაზიანებების გამო, მას თავის ზემოთ მკლავების აწევა არ შეეძლო.

ტყვეობიდან დახსნის შემდეგ, ჯონ მაკკეინი ვაშინგტონში ამერიკის იმდროინდელ პრეზიდენტს, რიჩარდ ნიქსონს ხვდება. 1973 წლის 24 მაისი.

ფოტო: Getty Images

მაკკეინი არიზონას სენატორი პირველად 1987 წელს გახდა, რის შემდეგაც, ის კიდევ ხუთჯერ აირჩიეს შტატის სენატორად, სულ ბოლოს — 2016 წელს.

ჯონ მაკკეინი 2008 წელს რესპუბლიკური პარტიის სახელით პრეზიდენტობისთვის იბრძოდა, თუმცა ბარაკ ობამასთან დამარცხდა.

სენატორი გამოირჩეოდა რუსეთის მიმართ ხისტი მიდგომებით და მიიჩნევდა, რომ მასთან ურთიერთობების მეგობრულ დონეზე დალაგება შეუძლებელი იყო. ამის გამო მან პრეზიდენტი ტრამპიც არაერთხელ გააფრთხილა, ხოლო ჰელსინკში, პუტინთან ერთად გამართული პრესკონფერენციის შემდეგ მკაცრად გააკრიტიკა და შეხვედრას "სამარცხვინო წარმოდგენა" უწოდა.

მაკკეინი არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში და აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოში მუდმივად ლობირებდა საქართველოს ინტერესებს.

იხილეთ მისი 2008 წლის 12 აგვისტოს სიტყვა პენსილვანიაში, სადაც სენატორმა, ქართველ ხალხს, რუსულ აგრესიასთან ბრძოლაში მხარდაჭერა, ამერიკელი ერის სახელით გამოუცხადა.