ავსტრალიელი პოპ-ვარსკვლავი სია ცნობილია თავისი ღრმა მუსიკით, უძლიერესი ხმით, მაღალი კონცეფციის მქონე ვიდეოებითა და სახეზე ჩამოფარებული პარიკით. მან ცოტა ხნის წინ როლინგ სტოუნს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

საუბრისას, სიამ ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა გაიხსენა. 2015 წელს, როდესაც ტრამპი ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, ის SNL-ში იყო მიწვეული, სია კი გადაცემის მუსიკალური სტუმარი იყო. შეხვედრისას, ტრამპმა სიას ფოტოს ერთად გადაღება სთხოვა:

"'ჩვენ ფოტო უნდა გადავიღოთ', მითხრა ტრამპმა, მის უკან კი ივანკა ტრიალებდა და ხელში კამერა ეჭირა. ადგილზე გავიყინე", - იხსენებს სია.

მუსიკოსის სიტყვებით, ის ყოველთვის ფრთხილობს, რომ შემთხვევით ადამიანებს გული არ ატკინოს. მეორე მხრივ, კი წარმოიდგინა თუ რა მოხდებოდა, ინტერნეტში ტრამპთან ერთად მისი ფოტო რომ გავრცელებულიყო.

"გეწყინებათ, რომ არ გადავიღოთ? ბევრი მექსიკელი და ქვიარი მეგობარი მყავს და არ მინდა მათ იფიქრონ, რომ თქვენს შეხედულებებს ვიზიარებ", - უპასუხა მან ტრამპს.

სია იხსენებს, რომ მისი პასუხი ტრამპმა იმაზე კარგად მიიღო, ვიდრე თვითონ ელოდა. "ამისთვის მას მადლობაც კი გადავუხადე, შემდეგ კი კულისებში ჩემს ოთახში შევედი და საშინელი დიარეა დამემართა", - ამბობს მუსიკოსი.

ამერიკის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში, Sia ჰილარი კლინტონს მხარდაჭერას თავისი სიმღერის ტექსტით უცხადებდა.