ამერიკელი სენატორი, ჯონ მაკკეინი ტვინის კიბოს მკურნალობას წყვეტს. ამის შესახებ მაკკეინის ოჯახმა დღეს, 24 აგვისტოს გაავრცელა განცხადება.

გასულ ზაფხულს, 81 წლის სენატორს აგრესიული ფორმის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ის ამ დრომდე აგრძელებდა მკურნალობას.

მაკკეინმა ოჯახთან ყოფნისთვის უკვე დატოვა ვაშინგტონი და არიზონაში გაემგზავრა. მიუხედავად ამისა ის პოლიტიკურ ფიგურად რჩება.

მაკკეინის ოჯახის განცხადებაში ნათქვამია, რომ სენატორი აგრესიული გლიობლასტორმითაა დაავადებული:

"დაავადების პროგრესი შეუქცევადია და ეს განაპირობებს განაჩენს".

გასული წლის ივლისში, დიაგნოზის დასმიდან მალევე, ჯონ მაკკეინს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. მას ექიმებმა თავის არეში არსებული სიმსივნური წარმონაქმნები ამოაჭრეს. სენატში სიტყვით გამოსვლისას, მაკკეინს ჯერ კიდევ ეტყობოდა ნაოპერაციევი და შეშუპება ჭრილობის გარშემო.

მაკკეინისთვის დასმული გლიობლასტომას დიაგნოზი, ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ფორმის სიმსივნეს განეკუთვნება. პაციენტთა მხოლოდ ათი პროცენტი, მკურნალობის შემთხვევაში, ხუთ წლამდე ცოცხლობს. 90 პროცენტის შემთხვევაში კი, დარჩენილი სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა, მკურნალობის მიუხედავად, 14 თვემდეა.

ჯონ მაკკეინი ვიეტნამის ომის ვეტერანია, რომელიც რამდენიმე წელი ტყვედ იყო ჩავარდნილი. ის არიზონას სენატორია 1987 წლიდან. მაკკეინი 2008 წელს რესპუბლიკელთა სახელით პრეზიდენტობისთვისაც კი იბრძოდა, თუმცა ბარაკ ობამასთან დამარცხდა. სენატორი მაკკეინი გამოირჩევა რუსეთის მიმართ ხისტი მიდგომებით და მიიჩნევს, რომ მასთან ურთიერთობების მეგობრულ დონეზე დალაგება შეუძლებელია. ამის გამო მან პრეზიდენტი ტრამპიც არაერთხელ გააფრთხილა. მაკკეინი არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში და აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოში მუდმივად ლობირებს საქართველოს ინტერესებს.