ახლახან გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ცნობილ პესტიციდ DDT-სა და აუტიზმს შორის კავშირი აღმოაჩინეს.

DDT ქიმიკოსებმა 1874 წელს გამოიგონეს, თუმცა მისი პესტიციდური თვისებები ცნობილი მხოლოდ 1939 წელს გახდა. ამის შემდეგ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მას სასოფლო-სამეურნეო სივრცეებში მწერებსა და სხვა მავნებლებთან ბრძოლის მიზნით იყენებდნენ.

თუმცა დროის გასვლასთან ერთად მის უარყოფით თვისებებზე უფრო და უფრო მეტი მონაცემი გროვდებოდა. საბოლოოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი გამოყენება 1972 წელს, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში კი 1986 წელს აიკრძალა.

აკრძალვის შემდეგ ჩატარებულმა დამატებითმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ეს პესტიციდი გარემოში განსაკუთრებით დიდი ხნის განმავლობაში რჩება და ის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში უშვილობასა და კიბოს იწვევს.

მეცნიერებმა კვლევის ფარგლებში ორსული ქალების ორგანიზმში არსებული DDT-ს რაოდენობისა და აუტიზმის მქონე ბავშვების დაბადების სიხშირეს შორის კავშირი შეისწავლეს.

მონაცემების ანალიზისა და დამუშავების შემდეგ დადგინდა, რომ დედის სისხლში DDT-ს მომატებული დონე ბავშვში აუტიზმის განვითარების რისკს 32 პროცენტით ზრდის.

საინტერესოა, რომ მსგავსი ტიპის კვლევა მეცნიერებმა 2016 წელსაც ჩაატარეს, თუმცა მათ აუტიზმსა და ამ პესტიციდს შორის კავშირი რატომღაც ვერ აღმოაჩინეს.

კვლევის ხელმძღვანელის თქმით DDT გარემოში კვლავ მრავლად არის შემორჩენილი და მისი პოვნა თითქმის ყველა ჩვენგანის ორგანიზმში შეიძლება.