გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიაში მუშავდება კანონპროექტი, რომლის თანახმად, საქართველოსა და ბალკანეთის ქვეყნების მოქალაქეთათვის გერმანიაში ლეგალურად დასაქმების კვოტები შეიქმნება.

მერკელის თქმით, ისინი ამუშავებენ დარგის სპეციალისტების კანონპროექტს, არა ზოგადად, მაგრამ ცალკეული პროფესიებისთვის, სადაც არის დიდი დეფიციტი გერმანულ ბაზარზე.

"ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, მათ შორის საქართველოსთვის, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ჩვენ ამ კვოტებს შევქმნით, ჩამოვაყალიბებთ, რათა დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზები არსებობდეს", – განაცხადა კანცლერმა.

ანგელა მერკელმა საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, არალეგალ მიგრანტებზე რამდენჯერმე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ქვეყანამ ურთიერთობები ლეგალური გზით უნდა გააღრმავოს.

გერმანიის კანცლერის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დასრულდა. მან საქართველო უკვე დატოვა და ერევანში გაემგზავრა.