წითელას სავალალო სტატისტიკის ფონზე დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი, პაატა იმნაძე მოსახლეობას ვაქცინაციისაკენ მოუწოდებს.

"განსაკუთრებით მივმართავ მომავალ დედებს. დაორსულებამდე, აუცილებლად აიცრან წითელას კომპონენტიანი ვაქცინით. ეს დაიცავს, ჯერ ერთი, მათ ნაყოფს, რომ ორსულობისას არ დაემართოს წითურა, რაც შეიძლება ნაყოფისთვის სავალალო გახდეს. მეორეც, ბავშვი როდესაც გაჩნდება, წლამდე არ დაემართება წითელა, რადგან დედიდან გადაჰყვება ანტისხეულები", - განაცხადა იმნაძემ.

იმნაძის განმარტებით, საქართველოს 20-დან 40 წლამდე მოსახლეობა არ არის იმუნური წითელას მიმართ. მისივე თქმით, 2008 წელს წითელა/წითურას საყოველთაო ვაქცინაციით მილიონი ადამიანი უნდა აცრილიყო, თუმცა მედიაში არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო კამპანია ჩაიშალა და მხოლოდ ნახევარი მილიონი აიცრა.

ცენტრის დირექტორი იმედოვნებს, რომ დასავლეთის ქვეყნების მსგავსად საქართველოშიც ვაქცინაცია სავალდებულო გახდება:

"მე მომხრე ვარ, რომ თუ დედა, მამა იქნება თუ ბებია, თავისი შვილის ჯანმრთელობაზე არ ზრუნავს და საფრთხის ქვეშ აყენებს, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ბავშვის სიცოცხლე და ჯანმრთელობა".

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) ინფორმაციით, 2018 წლის პირველ 6 თვეში, ევროპაში მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადების, წითელას 41 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. 37 ინფიცირებული გარდაიცვალა.

2017 წელს წითელას 23 927 შემთხვევა დაფიქსირდა, 2016 წელს კი 5 273. ექსპერტების აზრით, წითელათი ინფიცირების ზრდის მაჩვენებელი ვაქცინაციისთვის იშვიათად მიმართვის პრობლემას უკავშირდება.

WHO-ს ცნობით, წითელათი ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა 2018 წლის პირველ ნახევარში უკრაინასა და სერბეთში დაფიქსირდა.

უკრაინის გარდა ევროპაში კიდევ 6 ქვეყანაა, სადაც ექვს თვეში ინფიცირებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, მათ შორის არის საქართველოც. კერძოდ ეს ქვეყნებია:

  • საფრანგეთი;
  • რუსეთი;
  • საბერძნეთი;
  • საქართველო;
  • იტალია;
  • სერბეთი.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, წითელა ვრცელდება ჰაეროვანი გზით, დაინფიცირებული პირისგან ცემინების და ხველების დროს. ასევე, ვირუსი ორი საათის განმავლობაში ცოცხლობს ჰაერში და იწვევს გარშემომყოფი პირების დაინფიცირებას ჰაერის ან დაბინძურებულ საგნებთან შეხების საშუალებით. დაინფიცირებული პირი სიპტომების გამოვლენამდე ოთხი დღის და გამოვლენის შემდეგ კიდევ ოთხი დღის განმავლობაში შესაძლებელია იყოს ვირუსის გამავრცელებელი.

წითელას სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, ხველება, ცემინება, კონიუნქტივიტი, ყელის ტკივილი. სიმპტომების განვითარებიდან მესამე-მეხუთე დღეს ჩნდება წითელი ლაქისებრი ბრტყელი გამონაყარი სახეზე, თმის საფარველის გასწვრივ კისერზე, მხრებზე და მთელ სხეულზე.

ვირუსის გამომწვევია წითელას ვირუსი (Morbillivus, Measles Virus), რომელიც მაღალი კონტაგიოზურობით ხასიათდება. წითელა სახიფათოა ყველა ასაკში, მაგრამ 5 წლამდე ასაკის და 20 წელზე უფროსი ასაკის პირებში შესაძლებელია გახდეს სერიოზული გართულებების მიზეზი.