2011 წელს სანკტ-პეტერბურგის დაბადების დღესთან დაკავშირებით ქალაქში ახალი ძეგლი დაიდგა - შვიდი არქიტექტორი რუსეთის "მეორე დედაქალაქის" იერ-სახეზე მსჯელობს. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ერთ-ერთი არქიტექტორის, ჟან-ფრანსუა ტომას დე ტომონის ნაცვლად მაგიდასთან შოტლანდიელი ქიმიკოსი, ტომას ტომსონი ზის.

შეცდომა ადგილობრივმა გაზეთმა, ფონტანკამ აღმოაჩინა.

სკულპტურის ავტორი ალექსანდრ ტარატინოვი აცხადებს, რომ ტომას დე ტომონის სურათს ინტერნეტში ეძებდა, საბოლოოდ კი ვიკიპედიის გვერდზე ამოყო თავი, სადაც ტომას ტომსონის სურათი დახვდა.

განსხვავებით ტომონისგან, რომელმაც სანკტ-პეტერბურგის დიდი თეატრი გადააკეთა, ტომსონს რუსეთთან არაფერი აკავშირებს. ის შოტლანდიაში დაიბადა, ედინბურგში სწავლობდა, სიცოცხლის ბოლო წლებში კი გლაზგოს უნივერსიტეტის პროფესორი იყო.

სკულპტორი მზადაა, ქანდაკება თავიდან შექმნას, ჯერჯერობით კი ქალაქში კვლავ დგას შოტლანდიელი ქიმიკოსის ძეგლი.