იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სახელით ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი "საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ" შეიტანა.

საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროვების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებს.

საქართველოს მოთხოვნაა, ევროპულმა სასამართლომ დაადგინოს რუსეთის პასუხისმგებლობა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევისთვის.

იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ ირღვევა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-13 (სამართლებრივი ქმედითი საშუალების უფლება) მუხლები, პირველი ოქმის პირველი (საკუთრების უფლება) და მე-2 (განათლების უფლება) მუხლები, მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება).

სამინისტრო საჩივარში მიუთითებს, რომ დარღვევებს აქვს დისკრიმინაციული მოტივი და მიზნად ისახავს ეთნიკური ქართველების კიდევ უფრო მეტად შევიწროებასა და დაშინებას.

სარჩელის თანახმად, ირღვევა კონვენციის მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) და მე-18 (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მუხლები კონვენციის მე-5 მუხლთან (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), პირველი ოქმის პირველ (საკუთრების უფლება) და მე-2 (განათლების უფლება) მუხლებსა და მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლთან (მიმოსვლის თავისუფლება) ერთობლიობაში.

საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები და საჩივარში დააყენა რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოსახლეობის უფლებების დარღვევების ადმინისტრაციული პრაქტიკისთვის.

საქართველოს სახელმწიფოს ამ დრომდე ორი სახელმწიფოთაშორისი დავა ჰქონდა რუსეთთან. მათ შორის, პირველ დავაზე, რომელიც რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას ეხებოდა, გადაწყვეტილება უკვე ცნობილია და ეს საქმე საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.

მეორე დავას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გადაწყვეტილების გამოცხადებას ელის.