ნაფიცმსაჯულთა სასამართლომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი, პოლ მანაფორტი 18 ეპიზოდიდან რვაში დამნაშავედ სცნო.

პოლ მანაფორტი დამნაშავედ ცნეს საბანკო თაღლითობაში, გადასახადებისგან თავის არიდებასა და უცხოური ანგარიშების დეკლარირებისგან თავის არიდებაში.

BBC-ის ინფორმაციით, ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ მანაფორტმა $15 მილიონი ოდენობის შემოსავლის გადასახადი დამალა, რომელიც მან უკრაინის ექს-პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩისა და მისი პარტიის ინტერესების ლობირებისთვის მიიღო.

69 წლის მანაფორტი ბრალს არ აღიარებს. როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, ბრალდებული სასამართლოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია. საქმეზე განაჩენს მოსამართლე მოგვიანებით გამოაცხადებს.

პოლ მანაფორტის საქმე

მანაფორტის საქმეზე ბრალდების მხარემ 27 მოწმე დაკითხა. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბრალდებულის ყოფილი თანაშემწის, რიკ გეიტსის ჩვენება. მან ნაფიცმსაჯულებს მოუყვა როგორ ეხმარებოდა თავის ყოფილ უფროსს ფულის გათეთრებაში და როგორ მოჰპარა მას ფულის ნაწილი.

დაცვის მხარემ მოწმეების დაკითხვაზე უარი თქვა. თვითონ მანაფორტმაც ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და თავის უდანაშაულობაზე საუბრობდა.

პოლ მანაფორტი რამდენიმე თვის განმავლობაში 2016 წელს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა - სწორედ ის უძღვებოდა საარჩევნო კამპანიას.

2017 წლის ოქტომბერში სპეცპროკურორმა, რობერტ მიულერმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიების ფარგლებში მანაფორტს ბრალი წაუყენა. მანაფორტისთვის წაყენებული ბრალდება დონალდ ტრამპთან ან მის საარჩევნო კამპანიასთან კავშირში არაა. ბრალდება ძირითადად ეხება უკრაინაში პრორუსული პოლიტიკოსების საკონსულტაციო მომსახურებას.

ასევე, ვარაუდობდნენ, რომ მანაფორტი ფარულად თანამშრომლობდა რუს მილიარდერთან, რათა საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიზნებისთვის ხელის შეეწყო. მანაფორტი ამ ბრალდებას უარყოფს.

ბრალდების მხარის მტკიცებით, მანაფორტმა უკრაინაში ათეულობით მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რომელიც მან ამერიკული და ოფშორული კომპანიებისა და საბანკო ანგარიშების გამოყენებით დამალა, რათა გადასახადები აეცილებინა თავიდან.

ამავე თემაზე: