წლების მანძილზე გაჭიმული საკანონმდებლო, დიპლომატიური და პოლიტიკური ზეწოლის შემდეგ, ამერიკამ გერმანიას ნაცისტებთან თანამშრომლობაში ბრალდებული, ბოლო ადამიანი გადასცა. 95 წლის იაკოვ პალი გერმანიის მიერ ოკუპირებულ პოლონეთში, საკონცენტრაციო ბანაკის დაცვის წევრად მუშაობდა. ის ნიუ-იორკის ქვინსის დასახლებას 1949 წლიდან მოყოლებული აფარებდა თავს.

გამოძიება ადასტურებს, რომ იაკოვ პალი მეორე მსოფლიო ომის დროს, ტრავნიკის ბანაკს იცავდა. 1943 წლის ნოემბერში ნაცისტებმა ბანაკში მარტო ერთ დღეში 6 ათასზე მეტი ებრაელი ტყვე მოკლეს.

ამერიკა პალის დეპორტაციას 2004 წლიდან მოყოლებული ითხოვდა, მაგრამ ევროპის ქვეყნები მის მიღებაზე უარს ამბობდნენ. თეთრი სახლის განცხადებით, მისი დეპორტაცია სამშაბათს, 21 აგვისტოს დილით ადრე განხორციელდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა საკანონმდებლო პროცედურა ელის იაკოვ პალს გერმანიაში. "პალის გაშვება ძლიერი გზავნილია: შეერთებული შტატები არ შეეგუება ნაცისტთა დანაშაულში ხელშემწყობ და სხვა ადამიანის უფლებათა დამრღვევებს. ისინი ამერიკის მიწაზე უსაფრთხო თავშესაფარს ვერ ნახავენ", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის, ჯეფ სეშენსის თქმით, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა წარსულში 67 ნაცისტი გაასახლა.