პოლიტიკური პარტიის ახალი საქართველოს მოთხოვნას, რომ მოსკოვის გამზირს სახელი შეეცვალოს, თბილისის საკრებულოს სახელდების კომისიის თავმჯდომარე, თინათინ ნიბლოშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ახალი საქართველოს მიერ საკრებულოში განცხადების შეტანა, ნაციონალური მოძრაობის მორიგი სპეკტაკლია და თუ ასე აწუხებდათ ეს საკითხი, მათაც შეეძლოთ სახელის გადარქმევა.

ნიბლოშვილის განცხადებით, ისეთ ობიექტზე სახელის შეცვლას, სადაც ათიათასობით მოქალაქე ცხოვრობს, დრო და სპეციალური პროცედურების ჩატარება სჭირდება და ამ საკითხზე მიმდინარეობს სამუშაოები.

ახალი საქართველოს სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ კი On.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევის მოთხოვნით, მათ საკრებულოს გასულ წელსაც მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. მისი თქმით, მათი სურვილია ქუჩას საქართველოს გამზირი დაერქვას. მათ საკრებულოში კალენდარიც მიიტანეს, სადაც წერია, რომ საქართველოს 20 პროცენტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

"ამდენი ხნის განმავლობაში უფრო პრიორიტეტული განცხადებები მეეჭვება რომ ჰქონოდა საკრებულოს, ამიტომ, დღეს მივმართეთ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ დროული რეაგირება მოახდინოს ჩვენს განცხადებაზე", - ამბობს ჭალიძე.

თინათინ ნიბლოშვილმა ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირში ახსენა ვარდების მოედნისთვის სახელის შეცვლის საკითხიც. 2018 წლის 2 მაისს მან განაცხადა, რომ ყოფილი რესპუბლიკის მოედანს, ვარდების რევოლუციის მოედანი, იგივე ნაციონალური მოძრაობის მოედანი ერქვა.