ავღანეთის პოლიციის ცნობით, თალიბანის მოძრაობამ ქვეყნის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის სასახლეს რაკეტები დაუშინა. TIME-ის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა პრეზიდენტი ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე სიტყვით გამოდიოდა.

პოლიციის თქმით, რაკეტების ხმა აშრაფ ღანის გამოსვლის დროს გაისმა. პრეზიდენტმა შემთხვევის დროს სიტყვა შეწყვიტა და განაცხადა: "ისინი ცდებიან თუ ფიქრობენ, რომ რაკეტული შეტევა ავღანეთს დაასუსტებს."

პოლიციისვე ცნობით, პირველი რაკეტა პრეზიდენტის სასახლესთან ახლოს აფეთქდა, მეორე ნატოს სამხედრო ბაზასა და აშშ-ის საელჩოსთან. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავღანეთის საპოლიციო ძალებმა ალყა შემოარტყეს სახლს, რომლიდანაც, სავარაუდოდ, რაკეტები გაისროლეს. ამასთან, ავიაციამ აღნიშნული ადგილი დაბომბა და სახლი გაანადგურა.