ირანის პარლამენტის სხდომაზე სპიკერმა, ალი ლარიჯანიმ ქვეყნის ეროვნული უშიშროებისა და საგარეო საქმეთა კომისიის წარმომადგენლებს თბილისის აეროპორტში ირანელი ქალებისთვის თავსაბურავების მოხდის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შესწავლა და დროული რეაგირება მოსთხოვა. ამის შესახებ ინფორმაცია Tasnimnews-მა გაავრცელა.

ალი ლარიჯანის განცხადებით, "პარლამენტი უნდა ჩაერიოს საქართველოს აეროპორტში ირანელი ქალების შეურაცხყოფის გამოძიებაში, რათა მსგავსი არადიპლომატიური შემთხვევა აღარ განმეორდეს.

ალი ლარიჯანიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა მოიხმონ საქართველოს ელჩი ირანში და "სერიოზული" გაფრთხილება მისცენ.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 აგვისტოს განცხადება გაავრცელა, სადაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათი მოქალაქეების მიმართ უპატივცემულობა გააპროტესტა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანი ბაჰრამ ქასემი თბილისის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ისლამური თავსაბურავის უპატივცემულობაზე საუბრობს. ბაჰრამ ქასემის ინფორმაციით, ისპაჰანი-თბილისის რეისის შემოწმების დროს მგზავრებს თავსაბურავის მოხსნას სთხოვენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ქართველი სამართალდამცველების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო, მათ შორის რელიგიური გრძნობების შემლახავი რაიმე ქმედება არ გამოვლენილა.

უწყების ცნობით, ამის შესახებ უკვე ეცნობა ირანის მხარეს და ჩაინიშნა შეხვედრა ირანის ელჩთან.